
რევაზ სოხაძე: პროფესიონალიზმი და ხარისხი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის მშენებლობისას, არამედ ინფორმაციის გაშუქების დროსაც
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მიესალმება საზოგადოების და მედიის ინტერესს ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის მიმართ და აცხადებს, რომ სამინისტრო მზად არის, დაინტერესებულ ჟურნალისტებს პროექტებთან დაკავშირებული ინფორმაცია სრულად მიაწოდოს.
მინისტრის განცხადებით, ხარისხი ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია, თუმცა კონკრეტული საკითხების გაშუქებისას მნიშვნელოვანია სრული სურათის წარმოჩენა და ყველა მხარის პოზიციის გათვალისწინება.
„ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ იმაზე, რომ ხარისხი ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი უნდა იყოს. ამიტომ გვიხარია, როდესაც ჟურნალისტები ამ საკითხით ინტერესდებიან. თუმცა, როდესაც კონკრეტული დოკუმენტის საფუძველზე ხდება საკითხის გაშუქება, მნიშვნელოვანია მისი კონტექსტის, დანიშნულებისა და შემდგომი რეაგირების სრულად წარმოჩენაც. პროფესიონალიზმი და ხარისხი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის მშენებლობისას, არამედ ინფორმაციის გაშუქების დროსაც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხს ეხება“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის ინფორმაციით, ქვეშეთი–კობის გზის მშენებლობის პროექტზე დღეს მიწვეული იყვნენ ის მედიასაშუალებები და ჟურნალისტები, რომლებმაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კრიტიკული მასალები მოამზადეს. შეხვედრის მიზანი იყო, მათ უშუალოდ ობიექტზე მიეღოთ დეტალური ინფორმაცია, გაცნობოდნენ არსებულ ვითარებას და პასუხები მიეღოთ მათთვის საინტერესო კითხვებზე, თუმცა შეხვედრას არცერთი მათგანი არ დასწრებია.
„ჩვენ გვინდოდა, ადგილზე ყველასთვის დეტალურად აგვეხსნა, რასთან გვაქვს საქმე და კონკრეტულად რას ეხება გავრცელებულ მასალებში ნახსენები შეუსაბამობა. სამწუხაროა, რომ ჟურნალისტებმა ამ შესაძლებლობით არ ისარგებლეს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ხვალაც და მომავალშიც არ ვართ მზად ნებისმიერ ჟურნალისტთან თუ დაინტერესებულ პირთან თანამშრომლობისთვის, კითხვებზე პასუხის გასაცემად და ინფორმაციის გასაზიარებლად“, — განაცხადა მინისტრმა.
რევაზ სოხაძის თქმით, სამინისტრო ღიაა მედიისა და საზოგადოების წინაშე და მზად არის, დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს როგორც კონკრეტულ შემთხვევასთან, ისე პროექტის ხარისხის კონტროლის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაცია.
„არაფერი დასამალი ნამდვილად არ არის. მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გავარჩიოთ, რა არის მშენებლობის მიმდინარე სამუშაო პროცესი და რა არის საბოლოო მიღება-ჩაბარება. საკითხი სიღრმისეულად უნდა იყოს შესწავლილი მანამ, სანამ კონკრეტული დასკვნა გაკეთდება. ჩვენი მხრიდან კი სრული მზაობაა, ჟურნალისტებს მივაწოდოთ ინფორმაცია და დეტალურად ავუხსნათ მიმდინარე პროცესები“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის თქმით, საზოგადოებისა და მედიის დაინტერესება ხარისხის საკითხებით მნიშვნელოვანია და სამინისტრო ამ მიმართულებით ღია კომუნიკაციას მომავალშიც გააგრძელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge