
გიორგი ტყემალაძე: უფასო სასადილოებზე ქილიკს ვერ მივიღებთ
26 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება უფასო სასადილოების მიმართულებით. ზოგადად, სოციალური მიმართულება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია - ამაზე ქილიკს, თითქოს რაღაც ეკონომია ხდება ამ მიმართულებით, ნამდვილად ვერ მივიღებთ, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერით გამართულ დებატებში განაცხადა, რითაც მან უპასუხა პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელს, ირაკლი კუპრაძეს.
მისი თქმით, ქალაქის ბიუჯეტის 25-30% სოციალური და ჯანდაცვის პროექტებზე მიემართება.
„26 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება უფასო სასადილოების მიმართულებით. ზოგადად, სოციალური მიმართულება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ასევე ერთ-ერთი მონაპოვარია, რომ გადაუდებელი ჯანდაცვა, ფაქტიურად, არის უფასო ჩვენს ქვეყანაში, ხოლო ქალაქის დონეზე 25-30% ჩვენი ბიუჯეტის სწორედ სოციალური და ჯანდაცვის პროექტებზე მიემართება. ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ პროექტებზე გეტყვით, რომ 200 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება ამ ადამაინების გვერდში დგომისთვის და მათ დასახმარებლად. ამაზე ქილიკს, რომ თითქოს, რაღაც ეკონომია ხდება, ნამდვილად ვერ მივიღებთ“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
მან, ასევე პასუხი გასცა ოპონენტს პარკირების საკითხთან და გაზრდილ ჯარიმებთან დაკავშირებით.
„ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ თბილისი განვავითაროთ იმგვარად, რომ იყოს ევროპული ტიპის თანამედროვე ქალაქი, ყველა იმ სიკეთით და სტანდარტით, რაც ცივილიზებულ სამყაროში არის. შესაბამისად, რა თქმა უნდა, პარკირებების რაოდენობა შემცირდა იმის ხარჯზე, რომ ეს ყველაფერი არის ცივილურად და სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი. ჯარიმებს რაც შეეხება, ჩვენ ვართ სამართლებრივი ქვეყანა და ვავითარებთ ქალაქს კანონმდებლობის შესაბამისად და არავის აქვს, როგორც ბასლაინზე მოძრაობის, ისე არასწორად პარკირების უფლება. ეს არანაირად არ არის ის საკითხი, რომელზეც შეიძლება უარყოფით კონტექსტში ისაუბრო“, - აღნიშნა ტყემალაძემ.
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლების საკითხზე საუბრისას, დედაქალაქის ვიცე-მერმა აღნიშნა, რომ დღეს უკვე 25 მიმდინარე პროექტია, რაც 1500-ზე მეტი ოჯახის ჩართულობას ნიშნავს.
„იმედი გვაქვს, რომ ეს მიმათულება კიდევ უფრო განვითარდება მომავალში და მოსახლოების კიდევ უფრო ჩართულობისა და თანადგომის იმედი გვაქვს.
არავინ იფიქრს, რომ აქ ჩვენ შევდივართ კონკურენციაში კერძო ბიზნესთან. კერძო ბიზნესს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ მათი ინტერესის შემთხვევაში, მოსახლოებასთან შეთანხმების პირობებში, მათაც განახორციელონ პროექტები. ასეთი ათამდე პროექტი უკვე ჩაშვებულია და ესეც ასობით ჩვენს თანამოქალაქეს უკავშირდება.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული არეალი, სადაც ძალიან მკაცრები ვართ ურბანული წესრიგის თვალსაზრისით. ამ მიმართულებით, ვახორციელებთ რეაბილიტაციას და ბოლო წლებში 200 მილიონზე მეტია დახარჯული. ამასთავე, დავიწყეთ ახალი პროგრამა, რომლითაც მოქალაქეებს ვთავაზობთ საბაზრო ღირებულებით ფართების გამოსყიდვას“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ვიცე-მერმა აღნიშნა, რომ განხორციელდა ბაზრის სიღრმისეული კვლევა და უახლოეს პერიოდში შესაძლებელი იქნება ტენდერის გამოცხადება.
„დარწმუნებულნი ვართ, რომ იქნება მაღალი კონკურენცია და უახლოეს პერიოდში გვექნება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დაწყების შესაძლებლობა, რაც დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება. დაგეგმილ რეაბილიტაციას ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ და, ზოგადად, მომავალში დაგეგმარებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სიურპრიზები იქნება“, - აღნიშნა ტყემალაძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge