
გივი მიქანაძე: პირველკლასელთა სასკოლო ფორმის შეძენა 2026 წლის პირველი სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი. იმისათვის, რომ ფორმა ყველა ოჯახისთვის მარტივად ხელმისაწვდომი იყოს, რეალიზაციის პუნქტები გაიხსნება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში
პირველკლასელთა სასკოლო ფორმის შეძენა 2026 წლის პირველი სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ ფორმა ყველა ოჯახისთვის მარტივად ხელმისაწვდომი იყოს, რეალიზაციის პუნქტები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნება. დამატებით, მშობლებს სასურველი ზომისა და მოდელის შეძენა ონლაინაც შეეძლებათ.
„სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად განხორციელდება: პირველი ეტაპი 25 აგვისტო, მეორე ეტაპი 15 ოქტომბერი, მესამე ეტაპი 30 ნოემბერი. პირველ ეტაპზე სასკოლო ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1-14 სექტემბრის პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება. პირველკლასელები 2026-2027 სასწავლო წელს უკვე ახალი ფორმებით შეხვდებიან.
რაც შეეხება მეორე-მეექვსე კლასების მოსწავლეებს, მეორე და მესამე ეტაპებზე ფორმების რეალიზაცია ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ჩვენი მთავარი ამოცანაა სკოლებში ჩვენი შვილებისთვის უკეთესი გარემოს შექმნა, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმა და სასკოლო ფორმა სწორედ ამ დიდი რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვქმნით ისეთ საგანმანათლებლო გარემოს, სადაც მთავარი ღირებულება არის მოსწავლე, მისი განვითარება და მომავალი“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge