
გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრს კობა კობალაძე და გიორგი კალანდარიშვილი ეწვივნენ
გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ეწვივნენ.
სტუმრებს ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია ორგანიზაციის სპიკერმა თამარ საბაურმა წარუდგინა და მათ ორგანიზაციის სტრუქტურა, სასწავლო პროგრამები და სამომავლო გეგმები გააცნო.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სტუმრები მოხალისეებს შეხვდნენ. გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე მონაწილეებს მიესალმა და სასწავლო პროცესში წარმატებები უსურვა.
გიორგი კალანდარიშვილმა კი, მოხალისეებთან შეხვედრისას, საარჩევნო პროცესის ძირითადი ეტაპები და არჩევნებში მოქალაქის მონაწილეობის როლი განიხილა. მან მოხალისეებს მიაწოდა ინფორმაცია ამომრჩევლის რეგისტრაციისა და საარჩევნო სიებში მონაცემების გადამოწმების, არჩევნებში მონაწილეობის პროცედურებისა და საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის წესების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დეზინფორმაციის გავლენაზე საზოგადოებასა და საარჩევნო პროცესზე. საუბარი შეეხო მცდარი და მანიპულაციური ინფორმაციის ამოცნობის მნიშვნელობას, სანდო წყაროების გამოყენებასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას. მან ასევე, აღნიშნა, რომ თითოეული მოქალაქის მონაწილეობა საარჩევნო პროცესში მნიშვნელოვანია.
გიორგი კალანდარიშვილმა დადებითად შეაფასა გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრის საქმიანობა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდების განვითარებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ ჩართულობაზე ორიენტირებული პროექტები მისასალმებელია. მან ორგანიზაციას მხარდაჭერა გამოუცხადა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზეც ისაუბრა.
ღონისძიებას ასევე, ესწრებოდნენ „საქართველოს გენერალთა კლუბის“ აღმასრულებელი დირექტორი მალხაზ ჩიხლაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის კოორდინატორები ვლადიმერ იმნაძე და კობა ლიკლიკაძე.
იმედი
წყარო: imedinews.ge