
ილონ მასკი: USAID-ი პოლიტიკური ორგანიზაცია იყო - რეჟიმების ცვლილების ყველაზე დიდი დაფინანსებელი
ილონ მასკმა გამოცემა The Economist-ის მთავარ რედაქტორთან, ზანი მინტონ ბედოუსთან ინტერვიუში კატეგორიულად უარყო ბრალდებები იმის შესახებ, რომ აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) მიერ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსების შეკვეცას ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა.
მან რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, რომ DOGE-ს გადაწყვეტილებების გამო „ზუსტად ნული“ ადამიანი გარდაიცვალა. მილიარდერის თქმით, USAID-ის მიერ დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში, ვაკუუმის შევსება კერძო საქველმოქმედო ფონდებს, მაგალითად, ბილ გეიტსისა თუ მაკენზი ბეზოსის ფონდებს, მარტივად და სწრაფად შეუძლიათ, რადგან მათ განკარგულებაში ათეულობით მილიარდი დოლარია.
მასკმა საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „პოლიტიკური ორგანიზაცია“ უწოდა და განაცხადა, რომ იგი რეჟიმების ცვლილების ყველაზე დიდი დაფინანსებელი იყო.
„USAID-ი პოლიტიკური ორგანიზაცია იყო... რეჟიმების ცვლილების ყველაზე დიდი დაფინანსებელი“, - აღნიშნა მან.
მისი განმარტებით, ცნობები აფრიკაში ჯანდაცვისა და აივ/შიდსის საწინააღმდეგო პროგრამების შეჩერების გამო ადამიანების დაღუპვის შესახებ არის სიცრუე და სპეკულაცია, რომელსაც დაფინანსების დაკარგვით უკმაყოფილო თაღლითური ორგანიზაციები ავრცელებენ.
„როდესაც თაღლითურ ორგანიზაციებს დაფინანსება უწყდებათ, ნუთუ გგონიათ, იტყვიან „გთხოვთ, გააგრძელეთ თაღლითობის დაფინანსებაო?“ რა თქმა უნდა, არა - ისინი გამოვლენ გულშემზარავი ისტორიებით, რომ დაფინანსების აღდგენას მიაღწიონ. თუმცა ფაქტია: DOGE-ს გამო არავინ დაღუპულა“, - განაცხადა ილონ მასკმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge