
ინდოეთში მეორე დღეა საპროტესტო აქციები იმართება
ინდოეთში მეორე დღეა საპროტესტო აქციები გრძელდება. ქვეყნის დედაქალაქ დელიში კვლავ ათასობით ადამიანი შეიკრიბა, იმის მიუხედავად, რომ გუშინ „ტარაკნების პარტიის“ მხარდამჭერებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა.
„ტარაკნების პარტია“ ახალგაზრდების მიერ წამოწყებული მოძრაობაა, რომელიც განათლების რეფორმასა და განათლების მინისტრის, დჰარმენდრა პრადჰანის გადადგომას ითხოვს.
ორშაბათის საპროტესტო აქციაზე ათობით ათასი ახალგაზრდა გავიდა, რომლებმაც, პოლიციის აკრძალვის მიუხედავად, პარლამენტისკენ მსვლელობა სცადეს. სულ მცირე 60 მომიტინგე დაშავდა მას შემდეგ, რაც პოლიციამ მათ წინააღმდეგ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. პოლიციელებმა ასევე დაანგრიეს სცენა და დროებითი კარვები მთავარ საპროტესტო ლოკაციაზე. პოლიციის განცხადებით, დაშავდა მათი 118 თანამშრომელიც, ხოლო 70 მომიტინგე დაკავებულია.
ახალგაზრდების პროტესტი ეროვნულ გამოცდასთან დაკავშირებულმა სკანდალმა გამოიწვია, რომელსაც 2 მილიონზე მეტი აბიტურიენტი აბარებდა. ცნობილი გახდა, რომ საგამოცდო დავალებებმა გაჟონა, რის გამოც ხელისუფლებამ შედეგების გაუქმება და ტესტირების ხელახლა ჩატარება გადაწყვიტა. განმეორებითი გამოცდა მძიმე განსაცდელად იქცა აბიტურიენტებისთვის. მეორედ მათ გამოცდის ჩაბარება უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების პირობებში მოუწიათ. შედეგად, 20-ზე მეტმა სტუდენტმა სტრესს ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
იმედი
წყარო: imedinews.ge
