
ირაკლი ჩიქოვანი: „ჯარის ბანაკი“ ერთ-ერთი მართლაც ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც ჩვენ გვაქვს ახალგაზრდებთან მიმართებაში. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ წლიდან წლამდე ინტერესი „ჯარის ბანაკის“ მიმართ იზრდება და განათლების სამინისტროსთან ერთად ამ პროექტს წარმატებით ვახორციელებთ
„ჯარის ბანაკი“ ერთ-ერთი მართლაც ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც ჩვენ გვაქვს ახალგაზრდებთან მიმართებაში, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა „ჯარის ბანაკის“ გახსნის საზეიმო ცერემონიაზე.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მათთვის ძალიან საამაყოა, რომ წლიდან წლამდე ინტერესი „ჯარის ბანაკის“ მიმართ იზრდება და განათლების სამინისტროსთან ერთად ამ პროექტს წარმატებით ახორციელებენ.
„ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, ბატონო გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, მოგესალმებით. პირველ რიგში, ხაზგასმით მინდა მადლობა გითხრათ მობრძანებისთვის, იმ ყურადღებისთვის, რომელსაც თქვენ იჩენთ, ზოგადად თავდაცვის ძალების მიმართ და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენ აღუთქვამთ ჩვენს სამხედროებს. „ჯარის ბანაკი“ ერთ-ერთი მართლაც ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც ჩვენ გვაქვს ახალგაზრდებთან მიმართებაში. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ წლიდან წლამდე ინტერესი „ჯარის ბანაკის“ მიმართ იზრდება და განათლების სამინისტროსთან ერთად ჩვენ ამ პროექტს წარმატებით ვახორციელებთ.
მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ სერჟანტს, თითოეულ ოფიცერს, საჩხერის სამთო სკოლის წარმომადგენლებს, კოჯრის სერჟანტთა სკოლის წარმომადგენლებს, იმ ადამიანებს, ვინც უშუალოდ ზრუნავს ამ ახალგაზრდებზე. ნამდვილად, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, ეზიარონ იმ ყოველდღიურობას, რომელიც აქვს ჯარისკაცს, ჩვენს ოფიცრებს, რას ნიშნავს სამშობლოს სამსახური. ამასთან ერთად, მიიღონ კონკრეტული გამოცდილება, განათლება კონკრეტული მიმართულებებით და რა თქმა უნდა, ასევე ისაუბრონ ისეთ უმნიშვნელოვანეს ღირებულებებზე, როგორიც არის ჩვენი სამშობლო, პატრიოტიზმი, ეროვნული ღირებულებები, ოჯახის სიწმინდე და რა თქმა უნდა, ჩვენი იდენტობა.
