
რატომ ვერ საქმდებიან ახალგაზრდა პედაგოგები საჯარო სკოლებში? - განათლების სისტემის გამოწვევა
საქართველოს განათლების სისტემის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად მასწავლებელთა კორპუსის დაბერება და სკოლებში ახალგაზრდა კადრების დეფიციტი რჩება, რადგან პროფესიით დაინტერესებული მოტივირებული ახალგაზრდებისთვის საჯარო სკოლებში დასაქმება ბარიერებთანაა დაკავშირებული - ამის შესახებ "საქმიანი დილას" ეთერში გიმნაზია "შავნაბადას" დირექტორმა, ავთო აბდუშელიშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ სისტემის განვითარებისთვის პედაგოგთა კორპუსის გადახალისება გარდაუვალი აუცილებლობაა.
აბდუშელიშვილის თქმით, კვალიფიციურ ახალგაზრდებს საჯარო სექტორში ვაკანსიების მოძიება უჭირთ, რადგან სისტემაში კადრების როტაცია თითქმის არ ხდება.
"შეიძლება ძალიან არაპოპულარულ რამეს ვამბობ საზოგადოებისთვის და მასწავლებელთა კორპუსისთვის, თუმცა წელს ძალიან ბევრმა ადამიანმა მომმართა, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ, საჯარო სკოლებში დაეწყოთ მუშაობა, მაგრამ ეს საკმაოდ გაუჭირდათ. საჯარო სკოლებში ახალგაზრდა კადრის შედინება ძალიან რთულია, ფაქტობრივად, ვერ ხდება.
მიზეზი ის არის, რომ არიან კადრები, რომლებიც საკმაოდ დიდხანს - 30, 40, 50 წელიწადია სკოლაში არიან, ადგილების გამოთავისუფლება და ახალი კადრებით ჩანაცვლება კი თითქმის აღარ ხდება. ეს პროცესი არ არის როტაციული, რაც ქვეყნისთვის გამოწვევაა. დღეს სისტემას აუცილებლად სჭირდება გადახალისება, ახალგაზრდა და მოტივირებული მასწავლებლები", - განაცხადა აბდუშელიშვილმა.
გიმნაზიის დირექტორის შეფასებით, მასწავლებელი სკოლის ხერხემალია, ხოლო ახალგაზრდა თაობას გაცილებით მარტივად შეუძლია თანამედროვე ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში დანერგვა და გამოყენება: "ტექნოლოგიების გამოყენება ახალგაზრდა თაობისთვის გაცილებით მარტივი და ადაპტირებადია, ვიდრე შედარებით ძველი თაობისთვის. ამიტომ ახალგაზრდების შემოსვლა და გადახალისება კრიტიკულად მნიშვნელოვანია".
აბდუშელიშვილმა განათლების სამინისტროს მიერ რამდენიმე წლის წინ დაწყებული საპენსიო ასაკის პედაგოგთა ნებაყოფლობითი გასვლისა და ფულადი კომპენსაციის პროგრამაც გაიხსენა, რომელმაც ნაწილობრივ იმუშავა, თუმცა, მისი შეფასებით, სისტემური გარღვევა ვერ მოახდინა.
"იყო პროექტი, როდესაც საპენსიო ასაკს მიღწეულ მასწავლებლებს სოლიდურ საკომპენსაციო თანხას უხდიდნენ, რათა დამსახურებულ პენსიაზე თავიანთი სურვილით წასულიყვნენ. ამან გარკვეულწილად იმუშავა, მაგრამ მოლოდინი, რომ უფრო მეტი ადამიანი გადაწყვეტდა წასვლას და ადგილები გამოთავისუფლდებოდა, ბოლომდე არ გამართლდა. ასეთი ნაბიჯები მტკივნეულია, მესმის, მაგრამ აუცილებლად გადასადგმელია", - ამბობს "შავნაბადას" დირექტორი.
მისივე თქმით, კერძო სკოლებში საჯარო სკოლებთან შედარებით, გაცილებით მეტი ახალგაზრდა პედაგოგია დასაქმებული, რაც შედეგებზეც აისახება. ამის ერთ-ერთი მაგალითია PISA 2025-ს კვლევა, სადაც საქართველოს კერძო სკოლების მოსწავლეებმა მათემატიკაში საშუალოდ 464 ქულა მიიღეს, რითაც OECD-ის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (463 ქულა) მიაღწიეს.
"ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სწორი გარემოსა და რესურსების პირობებში, ქართველ ბავშვებს აქვთ ყველანაირი საშუალება, იყვნენ საერთაშორისო დონეზე წარმატებულები", - აღნიშნა ავთო აბდუშელიშვილმა.
BM.GE
წყარო: bm.ge