
ირაკლი კირცხალია: ერთმა განცხადებამაც კი შეიძლება დაანგრიოს წლებით ნაშენები შერიგების პოლიტიკა, რაც გვაქვს გაცხადებული ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან
ერთმა განცხადებამაც კი შეიძლება დაანგრიოს წლებით ნაშენები შერიგების პოლიტიკა, რაც გვაქვს გაცხადებული ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ დაურ ბუავას საქმეზე საუბრისას.
კირცხალია რადიკალების მიერ ამ თემაზე გაკეთებულ განცხადებებს ანტისახელმწიფოებრივად აფასებს.
მისივე თქმით, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები პირდაპირ პროპორციულად ასახავს იმ პოლიტიკას, რომელიც მათ გააზრებულად აქვთ დაანონსებული და მას მიჰყვებიან.
„აფხაზი და ოსი დები და ძმები ჩვენ უნდა დავიბრუნოთ მშვიდობით, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, არ უნდა დავიბრუნოთ ომით. მაგრამ, ომის პარტიას, უსამშობლოთა პარტიას და აგენტურას არა მხოლოდ ამ კუთხით, არამედ მათ ჰქონდათ დავალება ყველა საერთაშორისო მოვლენა, ცხელი წერტილი, რაც ჩვენს რეგიონში იყო, როგორმე ესკალაცია ჩვენს ქვეყანაში გადმოეტანათ.
ეს [განცხადებები] არის ბომბების წვიმის მონატრეთა რეაქციაა - თითოეული, რომელიც ეხება აფხაზეთს, სამაჩაბლოს, ყველა განცხადება, რომელიც მათი მხრიდან კეთდება, არის ანტისახელმწიფოებრივი, მოღალატეობრივი და რატომ უნდა გაგვიკვირდეს იმ ძალისგან“, - აღნიშნა კირცხალიამ.
მან აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან დაკავშირებით 2008 წლის მოვლენები გაიხსენა. ასევე, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადებაც.
„არ დაგვავიწყდეს მისი განცხადება. ერთმა განცხადებამაც კი შეიძლება, დაანგრიოს, პირობითად, წლებით ნაშენები შერიგების პოლიტიკა, რაც გვაქვს გაცხადებული ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან და რაც მთავარია, არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა“, - აღნიშნა კირცხალიამ.
დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი 28 აგვისტოს იპოვეს. ის სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო. ბუავა მაშველებს ბინაში შესვლისას გარდაცვლილი დახვდათ. 29 აგვისტოს სამართალდამცავებმა კი უცხო ქვეყნის მოქალაქე, დაურ ბუავას მეგობარი ქალი - ვალერია კირლიუკი სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით დააკავეს, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.
გამოძიების თანახმად, მათ ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა. მათივე ცნობით, დაკავებულმა ქალმა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა მიატოვა, საცხოვრებელი ბინის კარი გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა. გამოძიება ასევე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც.
სამართალდამცავებმა დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში ასევე, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
30 აგვისტოს კი საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქე ვ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა და ვიდეომასალა გაასაჯაროვა.
აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინელ ქალს, ვალერია კირლიუკს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
იმედი
წყარო: imedinews.ge