
ისრაელის პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთს ქვეყნის არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს
ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა დიდი ბრიტანეთი ქვეყნის არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ლონდონის მიერ ისრაელის დასახლებებთან დაკავშირებული სანქციების დაწესება „უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული“ გადაწყვეტილებაა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
„ძალიან შეწუხებული და შეურაცხყოფილი ვიყავი, როგორც ჩემი ქვეყნის წარმომადგენელი, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ ჩვენ წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო. ვფიქრობ ეს სერიოზული შეცდომა იყო“, - განაცხადა ჰერცოგმა.
მანამდე, სექტემბრის დასაწყისში, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედ მილიბენდმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთთან და კანადასთან ერთად, ისრაელის პალესტინური დასახლებებიდან საქონლითა და ზოგიერთი მომსახურებით ვაჭრობას აკრძალავდა. ლონდონმა ასევე განაცხადა, რომ ზომებს მიიღებდა იმ კომპანიებისა და პირების წინააღმდეგ, რომლებიც დასახლებების გაფართოებასთან დაკავშირებულ მომსახურებას უზრუნველყოფენ.
მილიბენდის განცხადებით, ბრიტანეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს გარკვეულ ნაწილებში პალესტინელები „ეთნიკური წმენდის“ წინაშე დგანან და „ძალიან ხშირად ისრაელის მთავრობა ამაზე თვალს ხუჭავს“.
ჰერცოგმა ეს მიდგომა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მსგავსი ნაბიჯები ვითარებას კიდევ უფრო გააუარესებს და პალესტინელებს ვერ დაეხმარება.
„ეს პირდაპირი ჩარევაა ისრაელის პოლიტიკაში, რაც არ უნდა მომხდარიყო. თუ გსურთ რაიმეს შეცვლა, ესაუბრეთ ისრაელს და ნუ დაადანაშაულებთ ისრაელს“, - განაცხადა ჰერცოგმა.
ისრაელში ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. არჩევნებზე პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შეეცდება მორიგი ვადით აირჩიონ მაშინ, როდესაც ისრაელი საერთაშორისო იზოლაციის მზარდი წნეხის წინაშე დგას.
„მინდა ვთხოვო ჩემს ყველა მეგობარს ევროპასა და სხვა ქვეყნებში, გთხოვთ ნუ ჩაერევით ჩვენს არჩევნებში“, - დასძინა ჰერცოგმა.
ლონდონის გადაწყვეტილებას ისრაელმა უკვე უპასუხა და განაცხადა, რომ იერუსალიმში ბრიტანეთის საკონსულოს დახურავს. ისრაელმა სხვა ქვეყნების წინააღმდეგ შესაძლო „საპასუხო ზომების“ შესახებაც გაავრცელა გაფრთხილება, - წერს გამოცემა.
იმედი
წყარო: imedinews.ge