
ჯანი ინფანტინო FIFA-ს პრეზიდენტად დარჩება. მან მსოფლიო ჩემპიონატის წილის კერძო ინვესტორებისთვის მიყიდვის გეგმის გამო ბოდიში მოიხადა
ჯანი ინფანტინო ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობას გააგრძელებს, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში, რომელიც მაროკოს დედაქალაქ რაბატში FIFA-ს ხელმძღვანელობის შეხვედრის შედეგების მიხედვით გამოქვეყნდა.
მასში აღნიშნულია, რომ FIFA-ს გენერალურმა მდივანმა მეთიას გრაფსტრემმა და ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა ინფანტინოს „სრული მხარდაჭერა დაუდასტურეს“. Sky News-ი აღნიშნავს, რომ შეხვედრა 7 საათს გაგრძელდა.
ტელეარხის ცნობით, ინფანტინომ და გრაფსტრემმა ეროვნულ ფეხბურთის ასოციაციებს გაუგზავნეს წერილი, რომელშიც ბოდიში მოიხადეს იმ შეცდომების გამო, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის წილის კერძო ინვესტორებისთვის მიყიდვის გეგმებთან დაკავშირებით დაუშვეს.
„გულწრფელ ვიხდით ბოდიშს ამ შეცდომების გამო და გპირდებით, რომ ისინი აღარ განმეორდება“, - ნათქვამია წერილში. ამასთან, მასში აღნიშნულია, რომ წერილის ავტორები შეცდომად ასევე მედიაში FIFA-ს გეგმების გაჟონვას მიიჩნევენ.
ივლისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ინფანტინომ მსოფლიო ჩემპიონატების წილების კერძო ინვესტორებისთვის მიყიდვა გადაწყვიტა. სავარაუდოდ, უფლებების დაახლოებით 20%-ს მიიღებდა კერძო ინვესტორთა ჯგუფი ჯოშუა კუშნერის მეთაურობით - ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის ძმაა.
ამ იდეამ ეროვნული ფეხბურთის ფედერაციების მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია. ასე მაგალითად, UEFA-ს ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც 55-ვე მონაწილის სახელით გამოქვეყნდა, ნათქვამი იყო, რომ ორგანიზაცია ბოიკოტს გამოუცხადებდა მსოფლიო ჩემპიონატებს, თუ წილის გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. ინფანტინოს პროექტით უკმაყოფილება ასევე გამოხატეს უმსხვილესმა საფეხბურთო კლუბებმა, რომელთა შორის იყვნენ მადრიდის „რეალი“, ტურინის „იუვენტუსი“, მიუნხენის „ბაიერნი“ და დორტმუნდის „ბორუსია“.
FIFA-მ 1 აგვისტოს გამოაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის წილების კერძო ინვესტორებისთვის მიყიდვის გეგმებზე უარი თქვა. ინფანტინოს FIFA-ს პრეზიდენტის პოსტი 2016 წლიდან უკავია. ამ თანამდებობაზე მისი მეორე ვადა 2027 წელს იწურება. მანამდე მან განაცხადა ახალი, ოთხწლიანი ვადით არჩევნებში მონაწილეობის გეგმების შესახებ.
იმედი
წყარო: imedinews.ge