
კოტე კემულარია: საქმეზე „ირაკლი მილაძე - საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება, რაც მიიღო სტრასბურგმა, მიმაჩნია, რომ დადებითია საქართველოსთვის, რადგან იქ მართლაც არის ძალიან ბევრი რამ გადმოცემული პოზიტიური თვალსაზრისით
უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, დიპლომატი, კოტე კემულარია მიიჩნევს, რომ გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის ბალანსის დაცვაში პრობლემა ნამდვილად არსებობს.
გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ კემულარიამ კომენტარი გააკეთა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“, რომელშიც მითითებულია, რომ ქართულმა სასამართლოებმა ამ საქმეში ზედმიწევნითი სიზუსტით დაიცვეს ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და სხვათა უფლებებს შორის.
„საკითხი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას და სიძულვილის ენას უკავშირდება, უნდა გავყოთ ერთმანეთისგან, მაგრამ უნდა დაეწიოს იმ ტექნიკური საშუალებების განვითარებას, რადგან პატარებიც უყურებენ ამას. ის კონკრეტული საქმე „ირაკლი მილაძე - საქართველოს წინააღმდეგ“ და ის გადაწყვეტილებაც, რაც მიიღო სტრასბურგმა, მიმაჩნია, რომ დადებითია საქართველოსთვის, რადგან იქ მართლაც არის ძალიან ბევრი რამ გადმოცემული როგორც პოზიტიური თვალსაზრისით, რომ ეს ასეც არის ნამდვილად. იქ მითითებულია, თუნდაც ავიღოთ [ქართული] სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება. ამ კაცს შეუფარდეს 500 ლარი ჯარიმა. პირდაპირ ამბობს, რომ ეს არის ადეკვატური და მინიმალური, რომ არ დააპატიმრეს, ამასაც ხაზს უსვამს. მართლაც იყო მოყვანილი საშინელი სიტყვები - უდავოდ, როგორც რეპუტაციის შემლახავი, ასევე აბსოლუტურად მიუღებელი პიროვნების წინააღმდეგ. უნდა იცოდეს მოსახლეობამ, რომ ეს მართლაც დაუშვებელია. ხაზი არის გასმული, რომ არავითარი საფუძველი ამისთვის არ არსებობდა. სტრასბურგის სასამართლო პირდაპირ უთითებს, რომ კონტექსტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა“, - განაცხადა კოტე კემულარიამ.
მისივე თქმით, საჭიროა გაიმიჯნოს სიძულვილის ენა აზრის გამოხატვის შეზღუდვისგან და საამისოდ ბალანსი უნდა იყოს დაცული.

