
კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ სამინისტროს სისტემაში შემავალი მუზეუმების, კვლევითი ცენტრების და ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ სამინისტროს სისტემაში შემავალი მუზეუმების, კვლევითი ცენტრების და ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა. მონაწილეებმა არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. განხილული იყო როგორც ინფრასტრუქტურული და ადმინისტრაციული თემები, ასევე ფონდსაცავების, საარქივო მასალების და სამუზეუმო ფონდების სისტემური ციფრული ინვენტარიზაციის საკითხები. მაია ბითაძემ ყურადღება გაამახვილა სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ეფექტიანი მართვის და განვითარების სტრატეგიის აუცილებლობაზე. მინისტრის განცხადებით, დარგის წარმომადგენლების მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და იდენტიფიცირებული საჭიროებების საფუძველზე, სამინისტრო შესაბამის მხარდაჭერას უზრუნველყოფს. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის, სმირნოვების მუზეუმის, დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის, მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის, ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები. შეხვედრას ესწრებოდა კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსი სალომე ჯამბურია.
ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge