
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის - ივანე ჯავახიშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.
სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, მონიტორინგის სამსახურის უფროს გიორგი ტიკურიშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
უახლოეს პერიოდში დასრულდება ვიზიტორთა ცენტრისა და სახლ-მუზეუმის ეზოში განთავსებული ორი დამხმარე ნაგებობის მშენებლობა.
რეაბილიტაციის შედეგად სრულად გაიწმინდება და აღდგება შენობის ფასადი, მოეწყობა ახალი სახურავი, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება აღმოსავლეთის ავარიულ კედელს, მოეწყობა მარანი და ვიზიტორთა მიღება-მომსახურების ცენტრი. გარდა ამისა, სახლ-მუზეუმის ტერიტორია ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
სახლ-მუზეუმში მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები პირველად ხორციელდება.
ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge