
ლევან ღირსიაშვილი და ილია ბეგიაშვილი ველისციხის საჯარო სკოლის წარმომადგენლებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდნენ
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლის წარმომადგენლებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდნენ.
მსჯელობა შეეხო სასწავლო პროცესის განახლებას, მოსწავლეებისთვის უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფას, სკოლის შენობის ამჟამინდელ მდგომარეობასა და ადგილზე ჩასატარებელ სამუშაოებს.
აღინიშნა, რომ სკოლის შენობასთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ექსპერტიზის შედეგებისა და სპეციალისტების ოფიციალური შეფასებების საფუძველზე მიიღებენ.
ლევან ღირსიაშვილმა სასწავლო პროცესის უწყვეტობის მნიშვნელობაზე ილაპარაკა. მისი თქმით, სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რათა მოსწავლეებისა და სკოლის თანამშრომლებისთვის უსაფრთხო სასწავლო გარემო იყოს უზრუნველყოფილი.
შეხვედრის მონაწილეებმა სასწავლო პროცესის გაგრძელების რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი განიხილეს.
პედაგოგებთან და მშობლებთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ მოსწავლეები ერთი თვის განმავლობაში სწავლას ონლაინფორმატით გააგრძელებენ. ამ პერიოდში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სკოლაში შესაბამის სამუშაოებს ჩაატარებს, რის შემდეგაც მოსწავლეები სკოლის შენობაში, უსაფრთხო გარემოში განაახლებენ სწავლას.
პარალელურად, დაიწყება სკოლის შენობის მეორე კორპუსის დემონტაჟი და ახალი სასკოლო შენობის მშენებლობისთვის საჭირო სამუშაო.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმით წარიმართა. ლევან ღირსიაშვილმა და ილია ბეგიაშვილმა მოსწავლეთა მშობლებისა და სკოლის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხეს და მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge