
ლევან მახაშვილი: ჩვენ ვიქნებით სანდო პარტნიორი ყველასთვის, ვისთვისაც შავ ზღვაში თუ ზოგადად, ფართო რეგიონში მნიშვნელოვანია მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და სტაბილურობა
ჩვენ ვიქნებით სანდო პარტნიორი ყველასთვის, ვისთვისაც შავ ზღვაში თუ ზოგადად, ფართო რეგიონში მნიშვნელოვანია მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და სტაბილურობა, - ასე უპასუხა ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა კაია კალასის განცხადებას.
კერძოდ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, შავი ზღვის რეგიონის მიმართ ევროპული კავშირის სტრატეგიული მიდგომის საკითხზე, საქართველოს მონაწილეობის გარეშე იმსჯელეს. ბრიუსელში შეხვედრის დასრულების შემდეგ, კაია კალასმა აღნიშნა, რომ შავი ზღვის სტრატეგია, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლიდან შემუშავდა, უკვე განხორციელების ფაზაშია.
ლევან მახაშვილის თქმით, ასეთი მიდგომა არ შეესაბამება არც თავად ბრიუსელის ინტერესებს, არ შეესაბამება შავი ზღვის არცერთი სახელმწიფოს ინტერესებს.
„რა თქმა უნდა, ეს არის ვიწრო პოლიტიკური პროცესებიდან ნაკარნახევი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, რომ კვლავაც გააგრძელონ საქართველოს ერთგვარი დასჯა იმისთვის, რათა ქვეყანამ გადაწყვიტა სახელმწიფოს გადარჩენა.
კიდევ ერთხელ, საქართველო გააგრძელებს თავის პოლიტიკას იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი პოლიტიკა ემსახურება სახელმწიფოს და ხალხის ეროვნული ინტერესების დაცვას. ჩვენ ვიქნებით სანდო პარტნიორი ყველასთვის, ვისთვისაც შავ ზღვაში თუ ზოგადად, ფართო რეგიონში მნიშვნელოვანია მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და სტაბილურობა“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge