
Reuters: ირანის ომის დიპლომატია, ჰორმუზის სრუტის მუშაობის განახლებისკენ იხრება
ირანთან ომის მედიატორები განსაკუთრებულ ყურადღებას, კვლავ ჰორმუზის სრუტის გახსნას უთმობენ. თეირანი დათანხმდა, შეიმუშაოს პირობების სია, რომელთა შესრულების შემთხვევაში, სრუტეში გემების მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება, იუწყება Reuters-ი.
სააგენტოს ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კატარის სპეციალურმა წარმომადგენელმა ირანს ნაოსნობის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდა.
მას შემდეგ, რაც აშშ მოლაპარაკებების პროცესს გამოეთიშა და ეკონომიკური ზეწოლის კამპანია აირჩია, კატარის პრემიერ-მინისტრი ხუთშაბათს თეირანში ირანის მაღალჩინოსნებს შეხვდა. მან ხაზი გაუსვა ომამდელ მდგომარეობაზე დაბრუნების მნიშვნელობას და საერთაშორისო საზღვაო გზაზე თავისუფალი ნაოსნობის აღდგენას, წერს Reuters-ი.
კატარმა, რომელიც აშშ-ის მოკავშირე და ირანის მეზობელია სპარსეთის ყურეში, ასევე პაკისტანმა ივნისში ხელი შეუწყვეს ურთიერთგაგების მემორანდუმის მომზადებას. შეთანხმებამ ცეცხლის შეწყვეტა და ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის წესები განსაზღვრა. ომამდე სრუტეზე მსოფლიოს ნავთობის დაახლოებით 20% გადიოდა.
ექვსი თვის წინ აშშ-ისა და ისრაელის მიერ ომის დაწყების შემდეგ ირანი დაემუქრა ნებისმიერ გემს, რომელიც სრუტეს მისი ნებართვის გარეშე გადაკვეთდა. ამის შედეგად სრუტეში საზღვაო მიმოსვლა მკვეთრად შემცირდა, ნავთობის ფასი კი გაიზარდა, რამაც ირანს მოლაპარაკებებში დამატებითი ბერკეტი მისცა.
Reuters-ის ცნობით, ხუთშაბათს თეირანში ვიზიტისას, კატარის პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ, სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ირანის მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას, ხაზი გაუსვა „ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის თავისუფლების პატივისცემის მნიშვნელობას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“.
ირანის უმაღლესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა მოჰსენ რეზაიმ მოგვიანებით განაცხადა, რომ ირანი სრუტის გასახსნელად პირობების სიას ამზადებს მას შემდეგ, რაც მედიატორებმა თეირანს მათი კონკრეტულად ჩამოყალიბება სთხოვეს.
რეზაიმ განაცხადა, რომ ირანი ომანთან ერთად სრუტეში საზღვაო დერეფნის შექმნაზე შეთანხმდა. მისი თქმით, მარშრუტის ნაწილი ომანის ტერიტორიულ წყლებში, ნაწილი კი ირანის ტერიტორიულ წყლებში გაივლის. მისი თქმით, გემები სრუტის ცენტრალური, სპეციალურად განსაზღვრული არხით იმოძრავებს, თუ აშშ ირანის პირობებს შეასრულებს.
Reuters-ი წერს, რომ ადრე ირანის პირობებს შორის იყო ისლამური რესპუბლიკის პორტების წინააღმდეგ აშშ-ის ბლოკადის დასრულება, კომპენსაციის გადახდა და სანქციების მოხსნა. ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა ირანი ამ მოთხოვნების შეცვლას ისეთი ფორმით, რომელიც შესაძლოა ამერიკული მხარისთვის მისაღები აღმოჩნდეს.
ბოლო კვირებში თეირანსა და ვაშინგტონს შორის პირდაპირი კომუნიკაცია თითქმის მხოლოდ მუქარის შემცველი განცხადებებით შემოიფარგლებოდა, რის გამოც დიპლომატიურ პროცესში მთავარი როლი მესამე მხარეებმა აიღეს.
იმედი
წყარო: imedinews.ge