
ლევან მახაშვილი: შემდგომი თვეები იქნება ერთგვარი ტესტი იმისა, რომ შევაფასოთ, ეს არის ერთგვარად გადახედვა, მათ შორის გერმანიის წინა პოზიციის, თუ უბრალოდ დიპლომატი შეიცვლება
შემდგომი თვეები იქნება ერთგვარი ტესტი იმისა, რომ შევაფასოთ, ეს არის ერთგვარად გადახედვა, მათ შორის გერმანიის წინა პოზიციის, თუ უბრალოდ დიპლომატი შეიცვლება, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, იმ სიგნალების გათვალისწინებით, რომელიც დასავლეთიდან მოდის, სავარაუდოა, რომ გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება.
„ზოგად კონტექსტს თუ გავითვალისწინებთ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ძალიან ბევრი სიგნალი მოდის იმისა, რომ აუცილებელია ჩვენი როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ასევე ევროკავშირთან ურთიერთობების გადახედვა, მათ შორის ევროკავშირიდან, ბრიუსელიდან ძალიან ბევრი სიგნალი მოდის ამასთან დაკავშირებით, ეს კონტექსტი გვაძლევს იმის პოზიტიურ მოლოდინს, რომ ჩვენ გადავტვირთოთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები.
ეს თავისთავად, ავტომატურად არ მოხდება. ისე, როგორც აშშ-თან ჩვენ ვხედავთ გაცხოველებულ წინააღმდეგობას შიგნითაც და გარეთაც იმისა, რომ მაქსიმალურად დააზიანონ და შეაფერხონ ეს პროცესი, გააჩინონ ახალ-ახალი დაბრკოლებები ამ ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაში გადაყვანის გზაზე. მაგრამ დიპლომატია სწორედ იმიტომ არის დიპლომატია, რომ როდესაც არის პოლიტიკური თუ სხვა ტიპის გაუგებრობები, დიპლომატიის გზით შევძლოთ ამ გაუგებრობების გადალახვა. და არა ის, რასაც ვხედავდით ამ წლების განმავლობაში, რომ დიპლომატია გამოიყენებოდა შტურმის და იერიშის ინსტრუმენტად. დიპლომატიის ფუნქცია რაც არის, საერთოდ დაკარგული ჰქონდა დიპლომატიას ეს ფუნქცია.
გეოპოლიტიკური კონტექსტი გვაძლევს იმის მოლოდინს, რომ შევძლებთ ამ ურთიერთობების გადატვირთვას.
რა თქმა უნდა ქართულ-გერმანული ურთიერთობები არ არის ცალკე აღებული ურთიერთობები, ეს არის ზოგადი კონტექსტის ცვლილების ნაწილიც და სწორედ ამ კონტექსტში გვაქვს იმედი, რომ ყველაფერი წავა ნორმალურ, კონსტრუქციულ რეჟიმში“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
