
მაია ბითაძე:„ევროპის სახალხო პარტიისა“ და „ალდეს“ ხელში საპარლამენტო ასამბლეები პოლიტიკური ზეწოლის იარაღად იქცა
„ევროპის სახალხო პარტიისა“ და „ალდეს“ ხელში საპარლამენტო ასამბლეები პოლიტიკური ზეწოლის იარაღად იქცა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.
მისივე თქმით, ევროპარლამენტმა წითელი ხაზი გადაკვეთა, როდესაც რეზოლუციით საქართველოს მოსახლეობის რელიგიურ გრძნობებსა და ქართულ ეკლესიას შეეხო.
„წითელი ხაზი გადაიკვეთა და გადაიკვეთა ახლა უკვე რელიგიურ გრძნობებთან და მრწამსთან მიმართებით, რაც დამატებით აჩენს იმის საფუძველს, რომ ვიკითხოთ რა არის ასეთი, რაც მათ უბიძგებთ, რომ ასეთი მტრული ენა გამოიყენონ საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ. რეალურად, შეეხონ ისეთ საკითხს, როგორიც არის ჩვენი რელიგია და ინსტიტუტი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნდობის მქონეა საქართველოში“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით, ევროსტრუქტურების საპარლამენტო ორგანოების დოკუმენტებში საქართველოსთან მიმართებით არსებული ინდენტური რიტორიკა და მესიჯები მოსახლეობისთვის უკვე გაცვეთილია. ბითაძის განცხადებით, პერიოდულად ხდება რეზოლუციების, როგორც პოლიტიკური იარაღის გაცოცხლება და ახალი აქცენტების დამატება.
„არალეგიტიმურად საქართველოს ხელისუფლების მოხსენიება ეს ახალია. ახალია ევროპარლამენტის რეზოლუციაში მართლმადიდებელ ეკლესიაზე [ჩანაწერი] და მისი მოხსენიება, როგორც რუსული გავლენის და დეზინფორმაციის გარცელების წყარო. ეს პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ ისინი უფრო მძლავრად ცდილობენ ზეწოლის განხორციელებას. ერთადერთი მიზანი ამის არის ის, რომ დღის წესრიგი, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას ჩაუვარდა, რაღაცნაირად გააძლიერონ საერთაშორისო შეძახილებით“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
