
მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის გაფართოების ახალი წესები აჩენს კითხვებს, რამდენად არის მზად ევროკავშირი ახალი წევრების მისაღებად
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ის ეთერში ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ყურადღება მახვილდება იმაზე, თუ რამდენად მზად არის თავად ევროკავშირი ახალი წევრი სახელმწიფოების მისაღებად, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გაფართოების საკითხი ევროპული უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკური პროცესების მნიშვნელოვან ნაწილად იქცა.
„ჯერ კიდევ მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში იყო საუბარი, თუ რამდენად მზად იყო ევროკავშირი ახალი წევრი ქვეყნების მისაღებად. განსაკუთრებული აქცენტი უკრაინაზე კეთდებოდა, იმიტომ, რომ მაშინ გაჟღერდა, თითქოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი იყო სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი და ევროკავშირის რიგი წევრი ქვეყნების აღშფოთებაც კი გამოიწვია, თუ რამდენად უნდა უკარნახონ მესამე ქვეყნებმა ევროკავშირს, როდის და რა პირობებით გაფართოვდეს. ამის შემდგომ კიდევ უფრო გააქტიურდა საუბრები, თუ რა წესებით უნდა მოხდეს გაფართოება. ერთგვარად ფაქტის წინაშე დგას ევროკავშირი რომ გაფართოების საკითხის კიდევ გადადება და გაწელვა შეიძლება შეუძლებელი გახდეს რაღაც მომენტში“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა უნგრეთის მაგალითზე, რომელიც ხშირად გამოიყენება გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვეტოს უფლების მნიშვნელობის საილუსტრაციოდ. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ვეტოს უფლება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის თანასწორობისა და თანასწორუფლებიანობის ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა.
„ბოლო პერიოდში ხშირად არის საუბარი და უნგრეთის შემთხვევა ხშირად იყო გამოყენებული იმის საჩვენებლად, თუ რამდენად უარყოფითად შეიძლებოდა ემოქმედა ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე ერთი ქვეყნისთვის ვეტოს უფლებას. სწორედ ეს არის გარანტია თანასწორობის, თანასწორუფლებიანობის წევრ სახელმწიფოებს შორის. გადაჭრით საუბარი, თუ როგორი იქნება პირობები ჩემთვის შეუძლებელია, რადგან დაწერილი, ხელმოწერილი და შეთანხმებული ეს არ არის, თუმცა ცხადია, არის საუბარი, რომ ახალ წევრებს გაწევრიანების შეთანხმებაში ჰქონდეთ პირობა დადებული, რამდენი წელი არ ექნებათ მათ რაღაც უფლებები, როგორიც ექნებათ სხვა წევრ სახელმწიფოებს,“ - აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.

