
მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც დავიწყეთ საუბარი უცხოური გავლენებისა და ჩარევების შეზღუდვაზე, ნახეთ, რა რეაქციები მოჰყვა. საქართველო სწორი ნაბიჯებით ახერხებს იმ გამოწვევის გამკლავებას, რასაც ჰქვია უცხოური გავლენები და ჩარევები
საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა არის გზა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამა თუ იმ საკითხის დარეგულირება, ამ შემთხვევაში უცხოური გავლენების, საქართველო სწორი ნაბიჯებით ახერხებს გამოწვევის გამკლავებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
მან კომენტარი გააკეთა აშშ-ის მიერ უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის გამკაცრებაზე.
„მაშინ, როდესაც დავიწყეთ ჩვენ საუბარი უცხოური გავლენებისა და ჩარევების შეზღუდვაზე და იმის უზრუნველყოფაზე, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს არანაირი საფრთხე არ დაემუქროს, თქვენ ნახეთ, რა რეაქციები მოჰყვა ამ მცდელობებსა და ნაბიჯებს.
ეს არის კიდევ ერთხელ დასტური, რომ სწორედ კანონმდებლობა და საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა არის გზა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამა თუ იმ საკითხის დარეგულირება. ამ შემთხვევაში საუბარია უცხოურ გავლენებზე. ეს კიდევ ერთხელ დასტურია, რომ საქართველო სწორი ნაბიჯებით ახერხებს იმ გამოწვევის გამკლავებას, რასაც ჰქვია უცხოური გავლენები და ჩარევები“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც უცხო ქვეყნების, მათ შორის ჩინეთის, რუსეთის, ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და კუბის გავლენის შეზღუდვასა და მათი აგენტების საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდას ითვალისწინებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge