
მაკა ბოჭორიშვილი: ვიცით რა გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უკეთ განვითარებული, უკეთ შეასრულოს ის როლი, რა როლიც აქვს დღეს „შუა დერეფნის“ განვითარების კონტექსტში
დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ დამთავრდა უნიპოლარული მსოფლიოს დრო, დღეს მსოფლიო აღარ არის ერთწერტილოვანი, უნიპოლარული და საქმე გვაქვს მულტიპოლარულ მსოფლიოსთან, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკის“ ეთერში.
მინისტრის განცხადებით, მულტიპოლარული სამყაროს პირობებში დიპლომატიაც მულტივექტორული უნდა იყოს, რაც საქართველოს, როგორც გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე მდებარე ქვეყნისთვის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
„თუკი მსოფლიო არის მულტიპოლარული, დიპლომატიაც უნდა იყოს მულტივექტორული, ამასაც ბუნებრივად მოითხოვს ეს გეოპოლიტიკური მოცემულობა, მით უმეტეს პატარა ქვეყნებისთვის, ისეთი ქვეყნისთვის, როგორც არის საქართველო, რომელსაც აქვს გამოკვეთილი გეოგრაფიული მდებარეობა დაკავშირებადობის კუთხით. საქართველო არის გზაჯვარედინზე და ეს გზაჯვარედინი არ არის მხოლოდ გეოგრაფიული გადაკვეთის წერტილი. ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ ეს რა გზაჯვარედინია. სწორედ აქ იკვეთება ძალიან ბევრი ინტერესი, ბევრი განსხვავებული პოლიტიკური მიმართულება და ეს ჩვენგან მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს, შორს მხედველობას და პრაგმატულობასაც, რაც აისახება მულტივექტორულ დიპლომატიაში, რაც ნიშნავს, რომ სხვადასხვა მიმართულებით საქართველომ უნდა განავითაროს ურთიერთობები, საქართველოს სჭირდება პარტნიორობები, კავშირები სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალთან, სხვადასხვა გეოგრაფიულ სივრცესთან, სხვადასხვა სისტემასა და ქვეყანასთან. ეს უნდა მოხმარდეს საქართველოს მთავარი ფუნქციის, თუ მთავარი როლის, დღეს რაც აქვს „შუა დერეფნის“ კონტექსტში, სწორედ ამის განვითარებას. ამაზე მხოლოდ ჩვენ არ ვსაუბრობთ, ამაზე საუბრობს ძალიან ბევრი, მათ შორის დიდი მოთამაშეებიც საუბრობენ გეოპოლიტიკაში თუ რამდენად საჭიროა კავშირების გაღრმავება,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, მულტივექტორული დიპლომატია არ ნიშნავს პარტნიორების ჩანაცვლებას, არამედ გულისხმობს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას.
