
მეცნიერებმა ასტრონავტებისთვის გადამუშავებული პლასტმასისგან ორცხობილა შექმნეს🍪
მეცნიერებმა გადამუშავებული პლასტმასისგან ორცხობილა შექმნეს. მოსალოდნელია, რომ მას ხანგრძლივ კოსმოსურ ექსპედიციებში ასტრონავტების საკვებით უზრუნველსაყოფად გამოიყენებენ. პროექტში გამოყენებული ტექნოლოგია სპეციალური საფუვრის გამოყენებას ეფუძნება, რომელიც პლასტმასსა და სოფლის მეურნეობის ნარჩენებს ცილებად, ცხიმებად და არომატიზატორებად გარდაქმნის. მიღებულ მასას 3D-პრინტერში ატარებენ, შედეგად კი დისკის ფორმის ორცხობილა მიიღება.
„ჩემი ლაბორატორია პლასტმასის გადამუშავების ტექნოლოგიების შემუშავებით არის დაკავებული. ჩვენ ვიფიქრეთ: რატომ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება საკვებს? პლასტმასიც ნახშირბადია და საკვებიც ნახშირბადია“, - განმარტა პროექტის ხელმძღვანელმა, მიკრობიოლოგმა ლაჰირუ ჯაიაკოდიმ.
პროდუქტის დაგემოვნების ნებართვა გუნდს ჯერ არ მიუღია, თუმცა აღინიშნება, რომ ორცხობილა „არომატისთვის მაღალ შეფასებებს იღებს“. „ჩვენ ის ჯერ არ გვიჭამია, რადგან ადამიანებზე ტესტირების დასტურს ველოდებით“, - დასძინა ჯაიაკოდიმ.
მეთოდი NASA-ს კონკურსის - Deep Space Food Challenge-ის ფარგლებში შემუშავდა, რომლის მიზანიც ხანგრძლივი მოგზაურობებისთვის ახალი კვების ტექნოლოგიების შექმნა იყო. მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ექსტრემალურ პირობებში, მაგალითად მარსზე, ასტრონავტებს გადასარჩენად ყველა არსებული რესურსის გამოყენების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.
ნედლეულად მკვლევრებმა პოლიეთილენტერეფტალატი (PET) აირჩიეს - ერთჯერადი ბოთლების გავრცელებული კომპონენტი. PET-ი იშლება წყლისა და ჟანგბადის ზემოქმედებით მაღალი ტემპერატურისა და წნევის პირობებში, რის შემდეგაც მიღებულ მოლეკულებს გენეტიკურად მოდიფიცირებულ საფუარს „აჭმევენ“. მიკროორგანიზმები ნახშირბადს ბიოლოგიურ მოლეკულებად გარდაქმნიან (მათ შორის ცილებად და ცხიმებად), რომლებიც პროდუქტის ფორმირებისთვის სახამებელს ერევა. საფუვრის სხვა შტამი მცენარეული ბიომასიდან ვანილის არომატიზატორის დასამზადებლად გამოიყენეს.
ორცხობილას თვითღირებულება კილოგრამზე 60 დოლარს შეადგენს, თუმცა ავტორები საფუვრის ეფექტიანობის გაზრდისა და წარმოების მასშტაბირების ხარჯზე ფასის შემცირებას ელოდებიან. მათი აზრით, ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელია არა მხოლოდ კოსმოსში, არამედ დედამიწაზეც - წყალქვეშა ნავებზე, კატასტროფის ზონებში ან როგორც პლასტმასის ნარჩენების პრობლემის გადაჭრის ხერხი.
„მოსალოდნელია, რომ 2050 წლისთვის სურსათზე გლობალური მოთხოვნა 35–56%-ით გაიზრდება, ხოლო მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 30% მომავალში შიმშილის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. მიმაჩნია, რომ ამ პრობლემის გადაჭრის გზა მიკრობების გამოყენებაა“, - დაასკვნა ჯაიაკოდიმ.
იმედი
წყარო: imedinews.ge