ნანა კაკაბაძე: როგორი ოპოზიცია სჭირდება ქვეყანას - რაც მოგვიტანა სხვა ქვეყნების ინტერესების პრიორიტეტად დაყენებამ და სუვერენიტეტზე უარის თქმამ, სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ეს უკვე იწვნია საქართველომ, ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვითა თუ სხვა უბედურებებით
იმედი|imedinews.ge
არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც მსჯელობს, თუ როგორი ოპოზიცია სჭირდება ქვეყანას. იგი აღნიშნავს, რომ რაც მოგვიტანა სხვა ქვეყნების ინტერესების პრიორიტეტად დაყენებამ და სუვერენიტეტზე უარის თქმამ, სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ეს უკვე იწვნია, საქართველომ, ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვითა თუ სხვა უბედურებებით.
„როგორი ოპოზიცია სჭირდება ქვეყანას
საქართველოში უკვე დიდი ხანია შევეჩვიეთ უცხოეთიდან წამოსული რეკომენდაციების, კეთილი რჩევების, ჭკუის სწავლების, თხოვნების თუ მოთხოვნების ფორმებით შეფუთულ ბრძანებებს.
ყველა შემთხვევაში ეს ჩვენს ქვეყანაზე ზრუნვის ისეთი ტექსტებით და ქვეტექსტებით არის ხოლმე წარმოჩენილი, რომ სანამ გულუბრყვილოები ვიყავით, მთელი დასავლეთი ჩვენზე მზრუნველ კეთილ ფერიებად გვყავდა წარმოდგენილი.
თანდათან, განსაკუთრებით ბოლო წლებში მიხვდა ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი, რომ ყველა სახელმწიფო საკუთარი ინტერესების ჭრილში უყურებს სხვა ქვეყანაში მომხდარ თუ მოსახდენ ცვლილებებს და მხოლოდ იქიდან აფასებს ყოველივეს. საკუთარი ქვეყნის მსახური ხელისუფლებისა და გონიერი საზოგადოებისთვის შესაფასებელი და გასათვალისწინებელია, ისიც თუ რამდენად მომგებიანი იქნება მისი სამშობლოსათვის, ნებისმიერი ქვეყნის დასუსტებისა თუ განვითარების მიმართულება.
ეს ძალიან მარტივი ჭეშმარიტება კიდევ ერთხელ გაგვახსენდა, როდესაც მოვისმინეთ გერმანიის ოპოზიციური პარტიის (“ალტერნატივა გერმანიისთვის”) თანათავმჯდომარის და ბუნდესტაგში საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერის ალისა ვაიდელის ვრცელი გამოსვლა კანცლერ მერცის წინააღმდეგ.
შეიძლება ითქვას, რომ ამ გამოსვლისას ვაიდელმა ფაქტებზე დაყრდნობით დარბაზში მჯდომ თავჩაღუნულ კანცლერს თავზე დაამხო მისი დამანგრეველი პოლიტიკა და პირდაპირ სახეში ურტყა ამის დამადასტურებელი დოკუმენტები. მისი გამოსვლის მთავარი პოსტულატები იყო ის საშინელი შედეგები, რაც მერცის მმართველობამ მოუტანა გერმანიას.
უკონტროლო მიგრაციამ, სხვის ომში ანგარიშმიუცემლად ქვეყნის გადაშვებამ, ეკონომიკის ჩამოქცევამ, ფასების უკონტროლო ზრდამ, ერთ დროს ევროპის უძლიერესი ქვეყნის, გერმანიის დასუსტება გამოიწვია.
ამ ყველაფერმა ჩვენი სახედაკარგული ოპოზიციის სრულიად არაადეკვატური აქტივობები გაგვახსენა.
მათგან მომდინარე სისტემატურ წყევლა-კრულვას და ლანძღვა-გინებას დიდი ხანია შევეჩვიეთ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მათ გამოსვლებში მუდმივად არსებობს დეფიციტი, საგნობრივი, არგუმენტირებული და რეალური (და არა გამოგონილი ან ნახევრად რეალური) კრიტიკისა და ოპონირების. (გერმანიისა თუ სხვა ქვეყნების ჯანსაღი ოპოზიციისგან განსხვავებით).
თუ გერმანელი ოპო-ლიდერი ხსენებულ გამოსვლაში კანცლერს აკრიტიკებდა იმის გამო, რომ მისი პოლიტიკა ქვეყნის ინტერესებიდან და საჭიროებებიდან კი არა, სხვა ქვეყნის დასუსტების მიზნიდან გამომდინარეობდა (რაც სხვა ქვეყნების საომარ მოქმედებებში აქტიურობებით გერმანიას ასუსტებდა), "ჩვენი" ოპოზიცია პირიქით, საკუთარ ხელისუფლებას მუდამ იმას საყვედურობს, რატომ აყენებ წინა პლანზე საქართველოს ინტერესებს და რატომ არ ხელმძღვანელობ ევროპის ან ამერიკის ინტერესებითო.
რაც მოგვიტანა სხვა ქვეყნების ინტერესების პრიორიტეტად დაყენებამ და სუვერენიტეტზე უარის თქმამ, სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ეს უკვე იწვნია, საქართველომ, ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვითა თუ სხვა უბედურებებით, ამიტომაც გამოუმუშავდა ჩვენს ხალხს იმუნიტეტი ნაც-ოპოზიციის და მათი უცხოელი ლობისტების მხრიდან ასეთი პოზიციიდან ხელისუფლების კრიტიკის მიმართ და ამიტომაც არიან ყველა არჩევნებში ჩაფლავებულები, უცხოეთისკენ მომზირალი და უცხოეთიდან მომავალ ბრძანებებს დაქვემდებარებული ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ცრუ ოპოზიცია.
პრობლემაა ისიც, როდესაც ვხედავთ, თუ როგორი თავგანწირვით ებრძვის ჩვენს ხელისუფლებას საკუთარ ქვეყანაში რეიტინგდაკარგული გერმანიის მთავრობა, საქართველოში წარმოდგენილი მათი ძვირფასი ელჩის არადიპლომატიური გამოხტომებით.
ქართულმა საზოგადოებამ მსოფლიოს დაანახა, რომ გამოიმუშავა იმუნუტეტი ასეთი გამოხტომების მიმართ, ვინაიდან კარგად ხედავს საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის, ისევე როგორც რუსეთის სანქციებში არ მიერთების შედეგებს, ესმის, რომ სწორედ ასეთი პოლიტიკა იყო ჩვენი ქვეყნისა ხალხის ინტერესში.
ესმის ისიც, რომ ის გადაწყვეტილებები, საკუთარი ქვეყნის შესუსტების ხარჯზე უკრაინისთვის იარაღითა და ფულით უსასრულო დახმარება, ასევე რუსეთისთვის დაწესებული ფინანსური სანქციები არ იყო არათუ საქართველოს, არამედ ბევრი სხვა ქვეყნის (თუ მერცის წინააღმდეგ ბუნდესტაგში ზემოხსენებულ გამოსვლას დავეყრდნობით, მათ შორის, არც გერმანიის) ინტერესებში.
პოლიტიკაში ყველაფერი შედეგებით იზომება.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკის ეფექტურობაზე და წარმატებულობაზე, ვგულისხმობთ იმას, თუ რა მიმართულებით ვითარდება ქვეყანა, რამდენად მაღალია ეკონომიკური ზრდა, გუშინდელთან შედარებით ხალხის კეთილდღეობის დონე იკლებს თუ იმატებს და ა. შ.
როდესაც ვადარებთ სხვა ქვეყნების მდგომარეობას ამ კუთხით, იმას კი არ ვამტკიცებთ, რომ ევროპულ ქვეყნებზე უკეთესი ეკონომიკა საქართველოშია და ჩვენი მოსახლეობა მათზე უკეთესად ცხოვრობს, არამედ იმას, თუ როგორია განვითარების მიმართულებები და ტენდენციები. მაგალითად, იგივე ევროპის უძლიერეს და უდიდეს სახელმწიფოში, გერმანიაში, რა თქმა უნდა, ცხოვრების დონე საქართველოსთან შედარებით გაცილებით მაღალია, მაგრამ თუ შევადარებთ ამ დონეს და ხალხის მდგომარეობას უკრაინის ომამდე ანუ გუშინდელ დღემდე, დავინახავთ, რომ ყველა მონაცემის მიხედვით, გერმანიაში ის გაუარესებულია, ხოლო საქართველოში - პირიქით.
და რამდენიც არ უნდა იღლიცინონ უცხოეთზე მიბმულმა ჩვენმა “პატრიოტებმა”, ამას ადასტურებენ როგორც სერიოზული ეკონომიკური ექსპერტები, ისე კონკრეტული სტატისტიკური მონაცემები. რაც არ უნდა ხშირად იმეორონ უსამშობლოებმა და მათმა უცხოელმა ლობისტებმა, რომ საქართველოში ამ ხელისუფლების 14-წლიანი უცვლელობის მიზეზი “არჩევნების გაყალბება”, “დიქტატურა” ან “ოლიგარქიული მმართველობაა”, რეალურად სწორედ ზემოხსენებული ფაქტორები და ტენდენციებია იმის მთავარი მიზეზი, რომ ევროპის ქვეყნებში პანტა-პუნტით იცვლებიან ხელისუფლებები, ხოლო საქართველოში არსებული რეალობის (მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარების და ეკონომიკური წინსვლის) შედეგია ის, რომ ოცნების ხელისუფლება ასე ხანგრძლივად ინარჩუნებს ძალაუფლებას", - წერს ნანა კაკაბაძე.
ნანა კაკაბაძე: როგორი ოპოზიცია სჭირდება ქვეყანას - რაც მოგვიტანა სხვა ქვეყნების ინტერესების პრიორიტეტად დაყენებამ და სუვერენიტეტზე უარის თქმამ, სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ეს უკვე იწვნია საქართველომ, ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვითა თუ სხვა უბედურებებით | იმედი — NEWSGEO