
ნანა კაკაბაძე: სომხეთის ხელისუფლების მხრიდან აშკარა ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს იგნორირება სრულად ხდის ნიღაბს ისეთი ორგანიზაციის ფარისევლურ მიუკერძოებლობასა და ობიექტურობას, როგორიც არის ეუთო/ოდირი
სომხეთსა და საქართველოში ეუთო/ოდირის მიერ არჩევნების შეფასებას არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი შეფასებით, სომხეთის ხელისუფლების მხრიდან აშკარა ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს იგნორირება სრულად ხდის ნიღაბს ისეთი ორგანიზაციის ფარისევლურ მიუკერძოებლობას და ობიექტურობას, როგორიც არის ეუთო/ოდირი
„ყველას გვახსოვს 2 წლის წინ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები. ჯერ ოპოზიციონერებმა ატეხეს ცრუ ყიჟინა, რომ ობიექტურ არჩევნებში, მათ მიერვე ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, ჯამური გამარჯვება, ოპოზიციამ მოიპოვა. ცოტა ხანში, რეალობის გამოვლენის შემდეგ ოპოზიციონერებმა მყისიერად გადააბრუნეს "პლასტინკა“ და გადავიდნენ იმის მტკიცებაზე, რომ არჩევნები იყო არაობიექტური, გამოირჩეოდა ზეწოლებით, არ იყო დაცული ხმის მიცემის ფარულობა (თურმე „ბიულეტენებმა გაჟონეს“), რომ ხელისუფლებამ გამოიყენა „კარუსელები“, რომ თითქოს ადგილი ჰქონდა ამომრჩეველთა მასობრივ მოსყიდვას, დაშინებას და ა. შ.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფრის არათუ „მასობრივი“, არამედ ათეულობით დამადასტურებელი ფაქტებიც კი ვერ იქნა მოტანილი, ოპოზიცია არგუმენტების გარეშე, 2 წელია „ამტკიცებს“, რომ ხელისფლებამ გააყალბა 400 ათასი ხმა და ამიტომ ის არალეგიტიმურიაო. მართალია, ეუთო-ოდირის დასკვნაში მსგავსი არაფერი თქმულა, მაგრამ რაც დრო გადიოდა, მით უფრო უჭირდათ ამ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, მიმდინარე მძლავრი პიარისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ღია გალაშქრება და საკუთარი პოზიციების დაცვა, რის გამოც ერთი-ორ სიტყვასაც ძლივს ამოილუღლუღებდნენ ხოლმე ანგარიშში მათ მიერვე ასახული საქართველოს საპარლამენტო არჩევნების, დადებით მომენტებზე და პედალირებას ახდენდნენ ასევე მათ მიერ ამ არჩევნებში დაფიქსირებულ ხარვეზებზე, რომელსაც არ შეეძლო გავლენა მოეხფინა არჩევნების შედეგებზე.
ბუნებრივია, ნებისმიერ ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს აქვს ხარვეზები და გადაცდომები, მაგრამ როდესაც წინა პლანზე გამოდის პოლიტიკური კონიუნქტურა და ნეიტრალურად სახელდებული სადამკვირვებლო ორგანიზაცია არა სამართლიანობის, არამედ ამ კონიუნქტურის ინტერესების მძევალი ხდება, მაშინ ხარვეზები და გადაცდომები დანაშაულის რანგში ადის. და პირიქით, არჩევნების შედეგებზე რეალურად გავლენის მომხდენ დანაშაულებს როცა მორცხვად ხარვეზებად აფასებ, იქ უკვე გასაგებია, რომ ასეთი დამკვირვებელი ორგანიზაციის ობიექტურობა და ნეიტრალურობა ნულს უტოლდება. ამიტომაც ფართო საზოგადოების თვალში, მათაც და მათ მიერ გაკეთებულ დასკვნასაც ჩალის ფასი აქვს.
წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების წინა დღეებში ასზე მეტი ოპოზიციონერი დაეპატიმრებინა (მათ შორის დეპუტატობის კანდიდატები), საკონსტიტუციო სასამართლოსგან არჩევნების წინა დღეს მოეთხოვა ოპოზიციური პარტიის აკრძალვა, სისხლის სამართლის ბრალდება წარედგინა თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერის მიმართ, საარჩევნო უბნების დახურვამდე რამდენიმე წუთით ადრე მასობრივად მიეყვანა ჯარისკაცები ხმის მისაცემად, არ გაეხსნას საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ (ალბათ გახსოვთ, რა წივილ-კივილი გამოიწვია საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულმა ასეთმა „არადემოკრატიულმა“ გადაწყვეტილებამ), კიდევ ათასი მსგავსი უკანონობა და უსამართლობა ჩაედინა. იქნებოდა თუ არა სწორედ ეს ქმედებები დანაშაულად გამოცხადებული ქართული ოპოზიციის მეგობარი ლობისტი ევროპელი თუ ამერიკელი პოლიტიკოსების თუ პოლიტბიუროკრატიის, ხოლო მათი გავლენით ეუთო-ოდირის მხრიდან?
ალბათ აქ კითხვის ნიშნის დასმაც კი უადგილოა, იმდენად აშკარაა, რომ ეს სწორედ ასე იქნებოდა. სომხეთის შემთხვევაში კი რა ქნა ეუთო-ოდირმა? მან ისაუბრა საარჩევნო პერიოდის პოლარიზაციაზე, სიძულვილის ენაზე და დიდი დრო დაუთმო ზეწოლებზე საუბარს, მაგრამ ზეწოლაზე როდესაც საუბრობდა, თურმე ამაში ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციაზე წარმოებულ, რეალურად არსებულ აშკარა მუქარებსა და ზეწოლებს კი არ გულისხმობდა, არამედ რუსეთის სახელმწიფოს პოზიციებს მოიაზრებდა, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ ევროკავშირისკენ არჩეული გზა სომხეთისათვის რუსეთის მხრიდან მნიშვნელოვან ეკონომიკურ შეზღუდვებს გამოიწვევდა.
ჩვენ ამ შემთხვევაში რუსეთის ადვოკატად არ გამოვდგებით, მაგრამ რასაკვირველია, რუსეთსაც, ისევე როგორც ყველა სხვა დიდ ქვეყანას, საკუთარი ინტერესები გააჩნია სომხეთშიც და სხვა ქვეყნებშიც. ყველა სახელმწიფო ყოველთვის გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს გულშემატკივრობს მათი ინტერესების სფეროში მოხვედრილ ქვეყნებში. ამაში გასაკვირი და უცნაური არაფერია. უცნაური ის არის, რომ ეუთოს მხრიდან ასეთი ზეწოლის წინა პლანზე წამოწევა და სომხეთის არჩევნების მთავარ მინუსად გამოცხადება, იმ დროს, ანალოგიურად, სომხეთის საკუთარი ფავორიტი პოლიტიკური ძალების მიმართ მხარდაჭერის გამოხატვაზე თვალების დახუჭვა, რბილად რომ ვთქვათ, ეჭვქვეშ აყენებს დამკვირვებელთა ობიექტურობას. მით უმეტეს, ეუთო არა ზეწოლად, არამედ სრულიად ბუნებრივად და ჩვეულებრივ ამბად აღიქვამდა სულ ცოტა ხნის წინ უნგრეთის არჩევნებში ბრიუსელის მიერ მათთვის სასურველი პოლიტიკური ძალის გამარჯვების შემთხვევაში პირდაპირ მილიარდების გადაცემის დაპირებას და იმის განცხადებას, რომ თუ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში მათთვის არასასურველი პოლიტიკური ძალა გაიმარჯვებდა, კიდევ უფრო მეტ შეზღუდვებს დაუწესებდა ამ ქვეყანას.
რაც მთავარია, სომხეთის ხელისუფლების მხრიდან აშკარა ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს იგნორირება სრულად ხდის ნიღაბს ისეთი ორგანიზაციის ფარისევლურ მიუკერძოებლობას და ობიექტურობას, როგორიც არის ეუთო/ოდირი“, - წერს სოციალურ ქესელში ნანა კაკაბაძე.
იმედი
წყარო: imedinews.ge