
ნატოს სწავლებები ისლანდიის სანაპიროსთან აშშ-ის მონაწილეობის გარეშე პირველად ჩატარდა
აგვისტოში ისლანდიის სანაპიროსთან ნატოს ყოველწლიური სამხედრო სწავლება Northern Viking-ი გაიმართა, რომელშიც წელს, ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველად, ამერიკულ ხომალდებსა და თვითმფრინავებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
Politico წერს, რომ მოკავშირეები ისლანდიის სანაპირო წყლებში რუსული წყალქვეშა ნავების ძებნის კომპონენტებს ამუშავებდნენ. სწავლებაში ჩართული იყვნენ გერმანული სადაზვერვო თვითმფრინავები, კანადური სამხედრო ხომალდები და ბელგიური გამანადგურებლები.
სწავლების სარდლობა ფრანგ ოფიცერს გადაეცა. მოკავშირეთა ჩანაფიქრით, მათ როგორც თავად ნატოს ქვეყნებისთვის, ისე რუსეთისთვისაც უნდა ეჩვენებინათ, რომ ევროპას აქვს უნარი, დაიცვას კონტინენტი და იმოქმედოს ჩრდილოეთ ატლანტიკაში ამერიკული ლიდერობის გარეშეც.
„ვხედავთ, როგორ აქტიურდებიან ევროპა და კანადა, და ამას პირდაპირი მნიშვნელობით აქ, ისლანდიაში ვადევნებთ თვალს“, - განაცხადა ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თავდაცვის დირექტორატის ხელმძღვანელმა, იონას ალანსონმა.
Northern Viking-ი არის სწავლება, რომელსაც შეერთებული შტატები ათწლეულების განმავლობაში უძღვებოდა. ამავდროულად, აშშ-ს სრულად არ შეუწყვეტია კუნძულზე საქმიანობის მხარდაჭერა: ამერიკელი სამხედრო მშენებლები კეფლავიკის აეროპორტის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ახალ ობიექტებს აშენებენ. ამერიკული მხარე მოკავშირეებს სწავლების დაგეგმვაშიც დაეხმარა.
იმედი
წყარო: imedinews.ge