
ვულკანის ამოფრქვევამ ინდონეზიაში ავიამიმოსვლა შეაფერხა
ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ვულკანის ამოფრქვევამ ასობით რეისი შეაჩერა, რის გამოც ათობით ათას მგზავრს პრობლემები შეექმნა. ხელისუფლების განცხადებით, 209 რეისი მას შემდეგ შეჩერდა, რაც ჯაკარტის სუკარნო-ჰატას საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად, საჰაერო სივრცეში ვულკან ანაკ-კრაკატაუს ფერფლი დაფიქსირდა.
ვულკანმა ამოფრქვევა პარასკევს, გვიან ღამით დაიწყო, რასაც თან სდევდა უწყვეტი სეისმური აქტივობა და ლავის შადრევნები. ხელისუფლების ცნობით, კვირას დილით კიდევ ორი ამოფრქვევა მოხდა. რეისების შეჩერებამ, რომელიც 13:30 საათამდე გაგრძელდა, 22 000-ზე მეტი ადამიანი დააზარალა.
ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, ოპერაციების შეჩერება ძირითადად სინგაპურში და სინგაპურიდან დანიშნულ ფრენებს შეეხო, ასევე სხვა საერთაშორისო მარშრუტებს, მათ შორის დოჰას, სიდნეისა და კუალა-ლუმპურს.
ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ვულკანის ბოლო აქტივობასთან დაკავშირებით ცუნამის საფრთხე არ არსებობს. ვულკანი ზონდის სრუტეში, კუნძულ იავასა და სუმატრას შორის მდებარეობს.
ჯანდაცვის მინისტრმა დაზარალებულ ადგილებში მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდა, დარჩნენ შენობებში და სასუნთქი გზების, თვალებისა და კანის დაზიანების რისკებისგან დასაცავად პირბადეები ატარონ.
იმედი
წყარო: imedinews.ge