
ნიკარაგუის პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ გამოაცხადა, რომ მის ქვეყანაში არჩევნები აღარ ჩატარდება
დანიელ ორტეგამ, რომელსაც ნიკარაგუის პრეზიდენტის პოსტი 2007 წლიდან უკავია, გამოაცხადა, რომ ქვეყანაში არჩევნები აღარასდროს ჩატარდება. მისი თქმით, ეს ზომა აუცილებელია, რათა ოპოზიცია ხელისუფლებაში არ მოვიდეს.
„აქ არჩევნები აღარ ჩატარდება იმისთვის, რომ მათ მთავრობისა და ხელისუფლების ხელში ჩაგდება სცადონ“, - განაცხადა ორტეგამ 1979 წლის სანდინისტური რევოლუციის 47-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე გამოსვლისას.
ორტეგას ჯერ არ განუმარტავს, როგორ გაფორმდება არჩევნების ჩატარებაზე უარის თქმა საკანონმდებლო დონეზე.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან, განაცხადეს, რომ ორტეგას განცხადებაში სისუსტის გამოვლინებასა და ნებისმიერი კონკურენციისგან გათავისუფლების მცდელობას ხედავენ.
დანიელ ორტეგამ, რომელიც ახლა 80 წლისაა, სახელმწიფოს მეთაურის პოსტი პირველად 1981 წელს დაიკავა. 1990 წელს მან არჩევნები წააგო და 2006 წლამდე ოპოზიციაში იმყოფებოდა. 2007 წელს ის კვლავ გახდა პრეზიდენტი არჩევნებში გამარჯვების გზით. ორტეგა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა 2011, 2016 და 2021 წლებშიც. Reuters-ი წერს, რომ არჩევნების შედეგები, ეჭვქვეშ დგებოდა ორტეგას ოპონენტების აქტიური დევნის გამო.
აშშ ნიკარაგუაში მმართველ რეჟიმს დიქტატურად მიიჩნევს და სანქცირებულთა სიებში 2 350-ზე მეტი პოლიტიკოსი და მათი ნათესავი შეიყვანა. გაეროში ნიკარაგუის ხელისუფლებას ადამიანის უფლებების სისტემატურ დარღვევაში ადანაშაულებდნენ.
