
ნორვეგიაში ავიადისპეტჩერების გაფიცვის გამო 150-მდე რეისი გაუქმდა
ნორვეგიაში დღეს ავიადისპეტჩერების გაფიცვის გამო აეროპორტების მუშაობაში მნიშვნელოვანი შეფერხებებია მოსალოდნელი. არსებული ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 147 რეისი გაუქმდა.
ავიადისპეტჩერების გაფიცვა პარასკევს, 11:00 საათზე დაიწყო. ამჟამად ოსლო-გარდერმუენისა და ბერგენ-ფლესლანდის აეროპორტებში 12 დისპეტჩერი გაფიცულია. მათ მუშაობა მას შემდეგ შეაჩერეს, რაც ორგანიზაცია Spekter-თან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
Spekter-ის ხელმძღვანელმა გაფიცვას „სრულიად გაუგებარი“ უწოდა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ავიადისპეტჩერები ნორვეგიის მოსახლეობის ყველაზე მაღალანაზღაურებად ჯგუფებს მიეკუთვნებიან.
პროფკავშირში კი უარყოფენ, რომ დავა ხელფასებს უკავშირდება და აცხადებენ, რომ საკვანძო საკითხებად რჩება შესვენებების ხანგრძლივობა და ორგანიზება, მუშაკთა პროფესიული ცხოვრების სხვადასხვა ეტაპთან დაკავშირებული პოლიტიკა, ასევე ინსტრუქტორების მუშაობის რეკომენდაციები.
უახლოეს დღეებში ვითარება შესაძლოა კიდევ უფრო გაუარესდეს: გავრცელებული ინფორმაციით, სამშაბათიდან გაფიცვას კიდევ 8 ავიადისპეტჩერი შეუერთდება.
იმედი
წყარო: imedinews.ge