
პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე: რა დემოკრატიაზე გვედავება ეს ადამიანი, შეხედოს ბერლინში როგორ შლიან მიტინგებს და ამის შემდეგ გველაპარაკოს ძალადობაზე - ბერლინში უმასპინძლეს და ჩაიხუტეს სირიის ლიდერი, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს
ეს არის მისი კამიკაძე ქმედება, რითაც თავის თავსაც აზიანებს და ცდილობს ბოლო განწირული აქტები ჩაიდინოს, იმისთვის, რამენაირად დაგვაზიანოს, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას - როგორ ფიქრობთ, გერმანიის ელჩი რატომ აკნინებს შუა დერეფნის როლს?
პაპუაშვილი პეტერ ფიშერს ურჩევს შეხედოს როგორ ხდება ბერლინში მიტინგების დაშლა, ასევე გაიხენოს ის ფაქტი, როდესაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი სირიაში ჩავიდა და სირიის ის ხელისუფლება „ჩაიხუტა“, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს და შემდეგ ესაუბროს საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიაზე და ძალადობაზე.
„რა დემოკრატიაზე გვედავება ეს ადამიანი, შეხედოს ბერლინში როგორ შლიან მიტინგებს და ამის შემდეგ გველაპარაკოს ძალადობაზე და ა.შ. რაც შეეხება გერმანიის პოლიტიკას, დემოკრატიას და კომპრომისებს, მოდი გაიხსენოს სურათები, როდესაც მაშინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერბოკი ჩავიდა სირიაში და იქ როგორ ჩაიხუტეს მალევე სირიის ხელისუფლება, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს და საერთაშორისო სამართალსაც არღვევს სხვა საკითხებზე რომ არ ვისაუბროთ; ჩაიხუტეს, ხელი ჩამოართვეს, ბერლინში უმასპინძლეს იმ ქვეყნის ლიდერს, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, რა ვიცი, თუკი სირიაშია დემოკრატია და ჩვენთან - არა, მაშინ ვიტყვით, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ბოლო ტირანები დედამიწის ზურგზე მის თვალში. სინამდვილეში ეს ყველაფერი ტყუილია. მან თქვა, რომ სწყინს, როდესაც ეუბნებიან, რომ მატყუარაა, მაგრამ ნუ იტყვის ტყუილს და არც არავინ ეტყვის ამას. კარგად ვხედავდით თავზე როგორ გადაგვიფრენდა ხოლმე სხვადასხვა სამთავრობო თვითმფრინავი გერმანიის მთავრობის, რომელ ქვეყანაში ჩადიოდნენ, ვის ეხუტებოდნენ, სად რა დემოკრატიაა და როგორი სისტემაა. ასე რომ, ეს ცინიზმი თავისთვის დაიტოვოს და ასე ესაუბროს შიგნით, თავის ხელმძღვანელობას“, - აცხადებს პაპუაშვილი.
