
პარლამენტში ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
საქართველოს პარლამენტში, კულტურის კომიტეტის ინიციატივით, ქართველი მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ, კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ.
სიტყვით გამოსვლისას მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს ეკატერინე გაბაშვილის განსაკუთრებულ ღვაწლზე ქართული ლიტერატურის, განათლებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში. ისაუბრეს ეკატერინე გაბაშვილის მრავალმხრივ შემოქმედებაზე, საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო საქმიანობაზე, ქალთა უფლებებისა და განათლების ხელშეწყობის საქმეში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილზე.
საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში ეკატერინე გაბაშვილის აქამდე უცნობი წერილებისა და პუბლიკაციების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივითა და ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გამოიცა. ასევე მოეწყო საგამოფენო სივრცე, სადაც ეკატერინე გაბაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალები იყო წარმოდგენილი.
ღონისძიებას კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ. საიუბილეო წლის ფარგლებში აღნიშნულ სკოლას ეკატერინე გაბაშვილის სახელი მიენიჭება.
ეკატერინე გაბაშვილი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი, მწერალთა საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და ქალთა განათლებისა და უფლებების დაცვის მხარდამჭერი იყო.
საიუბილეო ღონისძიების მიზანი ეკატერინე გაბაშვილის მრავალმხრივი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მემკვიდრეობის წარმოჩენა და პოპულარიზაციაა.
იმედი
წყარო: imedinews.ge