
პატრიარქი შიო მესამე: პირველად ვეძებდეთ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს. მაშინ ყველაფერი მოგვეცემა. პირველ რიგში მოგვეცემა მშვიდობა ღმერთთან და ადამიანებთან, მოგვეცემა სიმართლე და საღვთო ჭეშმარიტება
პირველად ვეძებდეთ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს. მაშინ ყველაფერი მოგვეცემა. პირველ რიგში მოგვეცემა მშვიდობა ღმერთთან და ადამიანებთან, მოგვეცემა სიმართლე და საღვთო ჭეშმარიტება, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.
მისივე თქმით, სადაც არის მშვიდობა და სიმართლე, იქ არის აუცილებლად სიხარული სულიწმინდაში. პატრიარქმა აღნიშნა, რომ ეს სამი არის „სასუფეველი ღვთისა, რომელზეც უფალი ამბობს, რომ ჩვენში უნდა ვეძებოთ“.
„ერთხელ, როდესაც უფალ იესო ქრისტეს ბევრი ხალხი მიჰყვებოდა თან, მან დაინახა ეს სიმრავლე, მთაზე ავიდა და მთიდან წარმოთქვა თავისი ქადაგება, რომელმაც სრულად შეცვალა მსმენელთა წარმოდგენა იმაზე, თუ რა არის სიკეთე, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, რა არის ცხოვრებაში მთავარი და მეორეხარისხოვანი. მან თქვა სიტყვები, რომლებიც დღეს მოვისმინეთ წმინდა სახარებიდან: „ნუ ზრუნავთ და იტყვით, რა ვჭამოთ, რა ვსვათ, რა შევიმოსოთ, რადგან ამ ყველაფერს წარმართები ეძებენ. ხოლო თქვენ პირველად ეძიეთ სასუფეველი ღვთისა და სიმართლე მისი და ეს ყველაფერი თქვენ შეგემატებათ“ (მთ. 6, 31-33). ჩვენ კი ამის ნაცვლად, პირველ რიგში, ვეძებთ, რა ვჭამოთ, რა ვსვათ, რით შევიმოსოთ, ანუ მატერიალურ, ამქვეყნიურ კეთილდღეობას ვეძებთ და მხოლოდ შემდეგ - ღვთის სასუფეველს.
რა გამოდის, ძვირფასო ძმებო და დებო, უფალი გვეუბნება, თუ პირველად ეძებ ღვთის სასუფეველს, ყველაფერ დანარჩენს, მატერიალურს, მოგცემს ღმერთი, მას ეს უნდა და გვპირდება კიდეც. ამის ნაცვლად, ჩვენ ვეძებთ იმას, რაც დანამატის სახით ისედაც გვეძლევა, როგორც უმთავრესსა და პირველხარისხოვანს.
ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში და ა. შ. იმის მაგივრად, რომ დავფიქრდეთ ამ ჩვენს მძიმე ცოდვებზე და გამოვსწორდეთ, ვეძებთ მიზეზებს და თავსაც კი ვიტყუებთ ხოლმე. ამიტომ ჩვენს ცხოვრებაში ძალიან ნაკლებია ჭეშმარიტად აღმატებული, დიადი, სულიერი და ქრისტიანული, ვერ ვაკეთებთ ამ ყველაფერს ჯეროვნად სწორედ ამის გამო, რაც მოგახსენეთ.