
POLITICO: ერდოღანმა ფონ დერ ლაიენსა და კოშტას პისტოლეტები აჩუქა
ანკარაში ნატოს სამიტის დასრულების შემდეგ ევროპის წამყვან ლიდერებს სამახსოვრო საჩუქრად გრავირებული პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და იარაღის მოვლის კომპლექტები გადასცეს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასეთი საჩუქრები პირადად გადასცა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელს ანტონიუ კოშტას. ინფორმაცია გამოცემას ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა პირმა დაუდასტურა.
ევროპული საბჭოს წარმომადგენლის განცხადებით, კოშტას უსაფრთხოების სამსახურმა იარაღი შესამოწმებლად წაიღო.
„ბელგიის კანონმდებლობის შესაბამისად ვიმოქმედებთ, რათა იარაღი ბელგიაში გადავიტანოთ, შემდეგ კი ევროპული საბჭოს გენერალური სამდივნოს უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად შევინახავთ“, - განაცხადა მან.
ფონ დერ ლაიენის პრესსპიკერის თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ერდოღანს საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა.
„იარაღს უსაფრთხოდ გადავიტანთ და შესაბამის პირობებში შევინახავთ. მას შემდეგ, რაც მისი მწყობრიდან გამოყვანა მოხდება, პრეზიდენტის განზრახვაა, პისტოლეტი სამხედრო მუზეუმს გადასცეს“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენის პრესსპიკერმა.
POLITICO-ს ცნობით, მაღალი კლასის სამახსოვრო პისტოლეტები, სავარაუდოდ, ევროკავშირის ოფიციალური პირებისთვის საჩუქრების ღირებულებაზე დაწესებულ შეზღუდვებს არ შეესაბამება, რის გამოც მათი პირად საკუთრებაში დატოვება ნაკლებად მოსალოდნელია.
იმედი
წყარო: imedinews.ge