
POLITICO: ესპანეთის პრემიერი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომას მიგრაციული კრიზისის დაწყებიდან 26-ე დღეს იწვევს
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი სეუტეში შექმნილ მიგრაციულ კრიზისთან დაკავშირებით დღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომას გამართავს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სანჩესმა საბჭოს სხდომა მხოლოდ მაშინ მოიწვია, როცა 26 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც მაროკოდან ათიათასობით ადამიანი ესპანეთის ანკლავში შეიჭრა და ადგილობრივ ხელისუფლებას ვითარებაზე კონტროლი დააკარგვინა.
სანჩესმა კრიზისზე რეაგირების კოორდინაციის მიზნით მინისტრებთან ონლაინ შეხვედრები 7 და 17 აგვისტოს გამართა. თუმცა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მან ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. საბჭოში მთავრობის წევრებთან ერთად თავდაცვისა და სადაზვერვო სტრუქტურების ხელმძღვანელებიც შედიან, წერს POLITICO.
სხდომა მადრიდში, მონკლოას სასახლეში გაიმართება.
პრემიერ-მინისტრზე საბჭოს მოწვევის მოთხოვნით რამდენიმე კვირის განმავლობაში ზეწოლა ხორციელდებოდა. მიმდინარე თვის დასაწყისში მემარცხენე პარტია „გაერთიანებული მემარცხენეების“ ლიდერმა ანტონიო მაიიომ განაცხადა, რომ სხდომის გამართვა „აუცილებელია“ და სანჩესს მოუწოდა, მაროკოსთან ესპანეთის ურთიერთობების გადახედვა დაიწყოს.
„ჯერ არდადეგები, შემდეგ კი ეროვნული უსაფრთხოება“, - განაცხადა მემარჯვენე ცენტრისტული „სახალხო პარტიის“ დეპუტატმა კუკა გამარამ, მას შემდეგ, რაც სხდომის მოწვევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
იმედი
წყარო: imedinews.ge