
POLITICO: გერმანია პუტინთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ლაიფციგზე თავდასხმაში რუსეთის დადანაშაულებას გეგმავს
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ლაიფციგში დრონით განხორციელებული თავდასხმის მცდელობაში რუსეთის დადანაშაულებისთვის და „მასშტაბური“ სანქციების გამოცხადებისთვის ემზადება. ეს ნაბიჯი ბერლინის მიერ მოსკოვის მიმართ პოზიციის კიდევ უფრო გამკაცრებას ნიშნავს, იუწყება POLITICO.
გერმანიის მთავრობის გეგმა რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირ ზომებს ითვალისწინებს, მაშინ როდესაც ევროკავშირი ბრიუსელში პარალელურად მომზადებული სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცებას ცდილობს. ამის შესახებ POLITICO-სა და WELT AM SONNTAG-ს სამმა საკითხთან დაახლოებულმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა.
გეგმის შესახებ განცხადება მომავალი კვირის დასაწყისშია დაგეგმილი და ის სამშაბათს ირლანდიაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაემთხვევა. თუმცა, ორი წყაროს ინფორმაციით, განცხადება შესაძლოა უფრო ადრეც გაკეთდეს. ეს მერცის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, ლაიფციგში დრონით მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ რუსი დიპლომატების ცალკეული გაძევება ან ბერლინში რუსეთის სახლის დახურვა უკვე საკმარისი აღარ არის.
მისი თქმით, საჭიროა უფრო მკაცრი ზომები, მათ შორის სანქციების გამკაცრება ან უკრაინისთვის კიდევ უფრო მასშტაბური სამხედრო დახმარების მიწოდება. სამივე ოფიციალურმა პირმა უარი თქვა დეტალების გამხელაზე, კონკრეტულად რა ზომების გამოცხადებას გეგმავს მერცი.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენად პირდაპირ აპირებს ბერლინი ლაიფციგში თავდასხმის მცდელობაზე პასუხისმგებლობა კონკრეტულ რუს პირებს ან რუსეთის მთავრობას დააკისროს. ოფიციალური პირების თქმით, გერმანია უკვე ემზადება მოსკოვის მკაცრი საპასუხო რეაქციისთვის, რადგან ბერლინმა უნდა გაითვალისწინოს რუსეთის მხრიდან შესაძლო საპასუხო ზომები.
მოსალოდნელი გადაწყვეტილება რუსეთთან ურთიერთობაში დაძაბულობის ფონზე მიიღება. ბოლო პერიოდში ევროპის ტერიტორიაზე არაერთი ინციდენტი მოხდა, რომლებსაც მაღალი რანგის ევროპელი ოფიციალური პირები „ჰიბრიდულ ომად“ აფასებენ, წერს გამოცემა.
სამშაბათს CIA-ის დირექტორი ჯონ რეტკლიფი მოულოდნელად ჩავიდა მოსკოვში, სადაც რუსეთის ხელისუფლებას ნატოსთან დაძაბულობის შემდგომი გამწვავებისგან თავის შეკავება ურჩია.
თუმცა, მერცის მოსალოდნელი განცხადების დრო გერმანიის შიდა პოლიტიკური თვალსაზრისითაც მგრძნობიარეა. მომდევნო კვირას გერმანიის საქსონია-ანჰალტის მიწაზე არჩევნები გაიმართება. ორი კვირის შემდეგ კი არჩევნები ჩატარდება მეკლენბურგ-წინა პომერანიასა და ბერლინში.
საქსონია-ანჰალტსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში გამოკითხვებით ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ლიდერობს. მერცმა უკვე განაცხადა, რომ ლაიფციგის ინციდენტს „სერიოზული შედეგები“ მოჰყვებოდა, თუმცა კონკრეტულად არც ერთი მხარე არ დაუსახელებია.
„ლაიფციგში დრონით თავდასხმა, სხვა მოვლენებთან ერთად, აჩვენებს, რომ ჩვენ რეალური საფრთხეების წინაშეც ვდგავართ. ფედერალური მთავრობა ჰიბრიდული თავდასხმების ავტორებს ფასს გადაახდევინებს. ისინი ამისთვის გადაიხდიან“, - განაცხადა მან.
იმედი
წყარო: imedinews.ge