
Politico: კალასმა ევროპული თავდაცვის ახალი მაღალი დონის ჯგუფი გააუქმა, რაც მის ლიდერობას კიდევ ერთ დარტყმას აყენებს
ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი კაია კალასი, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ზეწოლის გამო, იძულებული გახდა ყოფილი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერებისგან შემდგარი ახალი თავდაცვის ჯგუფის შექმნა გაეუქმებინა. ეს ნაბიჯი შესაძლოა ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის კიდევ ერთ დარტყმად იქცეს, - წერს Politico.
გამოცემის ცნობით, კალასი კულისებს მიღმა მძაფრ წინააღმდეგობას უწევს ფრანგულ-გერმანულ გეგმებს ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის გარდაქმნის შესახებ. „ქაღალდზე ეს გეგმები კალასის ოფიციალური როლის გაძლიერებას ისახავს მიზნად, თუმცა მისი მოკავშირეები შიშობენ, რომ ამან შესაძლოა ევროკომისიას საგარეო პოლიტიკაზე მეტი კონტროლი მისცეს“, - აღნიშნულია სტატიაში.
კალასმა ჯგუფი დაახასიათა როგორც „ყველაზე ბრწყინვალე გონებათა“ გაერთიანება ევროკავშირის თავდაცვის ხარვეზების „ყველაზე ეფექტური გზითა და ყველაზე მოკლე ვადებში“ შევსების იდეების შესამუშავებლად. ევროკავშირის მაღალი რანგის დიპლომატმა, Politico-ს განუცხადა, რომ კალასისთვის აქტუალობის შენარჩუნების გზაა.
კალასი ამ გეგმებთან დაკავშირებით ევროკომისიასთან მწვავე კონკურენციაში იმყოფებოდა, თუმცა ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ გაუქმების მიზეზი ზოგიერთი დედაქალაქის მხრიდან განხორციელებული ზეწოლა გახდა.
ჯგუფის წევრთა ვინაობას კალასის ოფისი საიდუმლოდ ინახავდა, თუმცა სამმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ჯგუფის თავმჯდომარეობა ნატოს ყოფილ გენერალურ მდივანს, ანდერს ფოგ რასმუსენს უნდა ეხელმძღვანელა, ხოლო შემადგენლობაში თავდაცვის ყოფილი მინისტრები შედიოდნენ, მათ შორის ესტონეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ნატოში ელჩი იური ლუიკი და საფრანგეთის შეიარაღებული ძალების ყოფილი მინისტრი ფლორანს პარლი.
იმედი
წყარო: imedinews.ge