
POLITICO: ნატო ემზადება იმ სრულიად რეალური სცენარისთვის, რომ საფრანგეთის მომავალმა პრეზიდენტმა ალიანსის ერთიანობა შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს და მას სერიოზული ბზარი გაუჩინოს
ნატო ემზადება იმ სრულიად რეალური სცენარისთვის, რომ საფრანგეთის მომავალმა პრეზიდენტმა ალიანსის ერთიანობა შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს და მას სერიოზული ბზარი გაუჩინოს, - წერს გამოცემა POLITICO.
იმ ფონზე, როდესაც ალიანსი ევროპის დაცვისადმი ვაშინგტონის ერთგულებაში ეჭვებს ეჯახება და რუსეთის შესაძლო თავდასხმისთვის მოსამზადებლად გადაიარაღებას ახდენს, საფრანგეთში ჩატარებული ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ მომავალი წლის არჩევნებში ამომრჩეველთა დაახლოებით ნახევარი მხარს უჭერს ხისტ კანდიდატებს, რომლებიც ნატოს მიმართ პრეტენზიებით გამოირჩევიან.
„ეროვნული გაერთიანების“ ლიდერს, მარინ ლე პენს პარიზის ალიანსის ინტეგრირებული სარდლობიდან გაყვანა სურს, ხოლო უკიდურესად მემარცხენე ჟან-ლიუკ მელანშონს ალიანსის სრულად დატოვება აქვს გაცხადებული.
საფრანგეთის - ევროკავშირში ერთადერთი ბირთვული სახელმწიფოს - ნატოდან ნაწილობრივი თუ სრული გასვლა ნამდვილი შოკი იქნება ალიანსისთვის. ეს ეჭვქვეშ დააყენებს ფრანგული კონტინგენტის ყოფნას რუმინეთსა და ესტონეთში, შეზღუდავს წვდომას მნიშვნელოვან საბრძოლო აღჭურვილობაზე და შეასუსტებს 32 წევრ ქვეყანას შორის სამხედრო კოორდინაციას.
ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს შექმნილი კონტექსტი: დონალდ ტრამპის მმართველობისას აშშ-მა ევროპული კონტინგენტის შემცირება დაიწყო, რამაც ევროპელ მოკავშირეებს საკუთარი სამხედრო პოტენციალის დაჩქარებული ტემპით ზრდა აიძულა. ეს ყველაფერი იმ საგანგაშო პროგნოზების ფონზე ხდება, რომელთა მიხედვითაც რუსული თავდასხმა ალიანსზე ამ ათწლეულის განმავლობაში სრულიად რეალურია.
„ამერიკის შეერთებული შტატების შემცირებული ჩართულობის ფონზე, ყველაზე ნაკლებად ევროპული წამყვანი სახელმწიფოს ალიანსისგან ჩამოშორება გვჭირდება - მით უმეტეს ახლა, როდესაც მთელი სტრატეგია იმაზეა აგებული, რომ ევროპელებმა, მათ შორის, რა თქმა უნდა, საფრანგეთმაც, საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობა აიღონ“, - აღნიშნავს ანალიტიკური ცენტრ Friends of Europe-ის ექსპერტი და ნატოს ყოფილი პრესსპიკერი, ჯემი შეა.
ნატოს ინტეგრირებული სამხედრო სტრუქტურების დატოვება სერიოზულ უარყოფით შედეგებს მოიტანს როგორც საფრანგეთისთვის, ისე მთელი ალიანსისთვის.
„ვიმედოვნებთ, საფრანგეთს ესმის ძლიერი ნატოს გრძელვადიანი სარგებელი. ეს კი მოითხოვს, რომ საფრანგეთი საკმაოდ სრულად იყოს ინტეგრირებული ნატოს სტრუქტურებში“, - განუცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა POLITICO-ს. „ამიტომ, იმედს ვიტოვებთ, რომ თავდაცვის სფეროში საფრანგეთი თავისი პრინციპული და მტკიცე კურსის ერთგული დარჩება“.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ რვა თვე რჩება, შესაბამისად, მისი შედეგები შორს არის გარკვეულობისგან. ასევე არსებობს შანსი, რომ არჩევის შემდეგ კანდიდატებმა ალიანსისადმი საკუთარი შეხედულებები შეარბილონ - ისევე, როგორც ეს იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ გააკეთა 2022 წელს. თუმცა, ალიანსთან ამ ქვეყნის ისტორიულად რთული ურთიერთობის გათვალისწინებით, ნატოსთვის ეს საფრთხე საკმაოდ სერიოზულია.
„მეშინია ამ არჩევნების“, - თქვა ნატო-ს ერთ-ერთმა დიპლომატმა, რომელსაც, სხვების მსგავსად, ამ სტატიისთვის ვინაობის გამჟღავნების გარეშე საუბრის უფლება მიეცა. - „საფრანგეთის დაკარგვა კატასტროფა იქნება“.
იმედი
წყარო: imedinews.ge