
POLITICO: საფრანგეთში მეხანძრეთა პროფკავშირები მომავალ თვეს ეროვნული მასშტაბის საპროტესტო აქციისაკენ მოუწოდებენ - მიზეზი მთავრობისათვის წაყენებული ბრალდებაა, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებამ რეკორდულად ცხელი ზაფხულის განმავლობაში მეხანძრეებს სათანადო მხარდაჭერა არ გაუწია
საფრანგეთში მეხანძრეთა პროფკავშირები მომავალ თვეს ეროვნული მასშტაბის საპროტესტო აქციისაკენ მოუწოდებენ - მიზეზი მთავრობისათვის წაყენებული ბრალდებაა, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებამ რეკორდულად ცხელი ზაფხულის განმავლობაში მეხანძრეებს სათანადო მხარდაჭერა არ გაუწია, - წერს გამოცემა POLITICO.
„ჩვენ ვითხოვთ იმ საჭირო რესურსებს, რომლებიც საფრანგეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვისაა აუცილებელი“, - აღნიშნა მეხანძრეთა რამდენიმე პროფკავშირის სპიკერმა, ქსავიე ბუამ.
გაფიცვა 29 სექტემბერს არის დაგეგმილი. კანონმდებლობით, მეხანძრეებს უფლება აქვთ ჩაერთონ გაფიცვაში, თუმცა ვალდებულნი არიან, გადაუდებელ გამოძახებებზე რეაგირებისთვის თანამშრომელთა მინიმალური შემადგენლობა უზრუნველყონ.
ბუას განცხადებით, პროფკავშირების ყველაზე გადაუდებელ მოთხოვნებს შორის არის საკანონმდებლო ცვლილებები საფრანგეთის სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის „მოდერნიზებისთვის“, პროფესიონალი მეხანძრეების „მასობრივი“ მიღება და დაფინანსების გაზრდა მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვისთვის.
მან ასევე მოითხოვა „ინვესტიციები, რომლებიც იმ რისკების შესაბამისი იქნება, რომელთა წინაშეც საფრანგეთი დღეს დგას და მომავალში დადგება“.
ბუა და მეხანძრეთა სხვა წარმომადგენლები ხუთშაბათს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, ლორან ნუნიესს შეხვდნენ. მათი განცხადებით, შეხვედრიდან უკმაყოფილონი და იმედგაცრუებულნი წამოვიდნენ.
იმედი
წყარო: imedinews.ge