
პრეზიდენტი: ოჯახი ზნეობრივი სკოლაა, რომელიც ჩვენს ეროვნულ იდენტობას ინახავს. როგორც ჩვენს წინაპრებს, დღეს ჩვენც ღრმად გვწამს, რომ მორალურად მტკიცე ოჯახი ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია
ადამიანი სამშობლოს სიყვარულს, უპირველეს ყოვლისა, ოჯახში, მშობლიურ კერასთან ეზიარება. ქართულ ხალხურ ტრადიციაში დედის ლოცვა, მამის დარიგება და წინაპართა ხსოვნა მუდამ იყო ის უხილავი ძალა, რომელიც ადამიანს სწორ გზაზე აყენებდა. როგორც ჩვენს წინაპრებს, დღეს ჩვენც ღრმად გვწამს, რომ მორალურად მტკიცე ოჯახი ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ წირვას დაესწრო.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ოჯახი, უპირველესად, ზნეობრივი სკოლაა, რომელიც ჩვენს უნიკალურ კულტურას, სახელმწიფოებრივ ცნობიერებასა და ეროვნულ იდენტობას ინახავს.
„დღეს, 17 მაისს, ჩვენ განსაკუთრებულ დღესასწაულს - ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღვნიშნავთ. ოჯახი, უპირველესად, ზნეობრივი სკოლაა, რომელიც ჩვენს უნიკალურ კულტურას, სახელმწიფოებრივ ცნობიერებასა და ეროვნულ იდენტობას ინახავს. საქართველოს წარსული მოწმობს, რომ ქვეყნის გადარჩენის ბედი არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ ხშირად ქართულ ოჯახში წყდებოდა, როდესაც ომიანობის დროს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ეკლესია დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებოდა, ოჯახურ კერაში იწრთობოდა ჩვენი ენა, ტრადიციები, მტკიცდებოდა სარწმუნოება, სამშობლოს სიყვარული და თავისუფლების იდეა თაობებს გადაეცემოდა. ადამიანი სამშობლოს სიყვარულს, უპირველეს ყოვლისა, ოჯახში, მშობლიურ კერასთან ეზიარება. ქართულ ხალხურ ტრადიციაში დედის ლოცვა, მამის დარიგება და წინაპართა ხსოვნა მუდამ იყო ის უხილავი ძალა, რომელიც ადამიანს სწორ გზაზე აყენებდა. როგორც ჩვენს წინაპრებს, დღეს ჩვენც ღრმად გვწამს, რომ მორალურად მტკიცე ოჯახი ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი ფასეულობის დაცვასა და შენარჩუნებაში უდიდესია დედაეკლესიის როლი. მანვე უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წვლილზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სწორედ მისი ინიციატივით დაწესდა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე.

