
რატი იონათამიშვილი ლგბტ პროპაგანდაში ქართული ეკლესიის ჩართვის მცდელობასთან დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაზე: მიზანმიმართულად არის სამიზნედ შერჩეული, როგორც ხელისუფლება, ასევე ეკლესია. ვინაიდან სახელმწიფოც და ეკლესიაც იცავს ჩვენ სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ტრადიციებს და ეროვნულ ღირებულებებს
მიზანმიმართულად არის სამიზნედ შერჩეული, როგორც ხელისუფლება, ასევე ეკლესია. ვინაიდან სახელმწიფოც და ეკლესიაც იცავს ჩვენ სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ტრადიციებს და ეროვნულ ღირებულებებს, - განუცხადა ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“ გასულ სიუჟეტზე საუბრისას, რომელშიც დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დეტალურად იხსენებს რას ითხოვდნენ ევრო ბიუროკრატები საპატრიარქოსგან.
მისივე თქმით, სწორედ ამიტომ არის სამიზნე ეკლესიაც და ხელისუფლებაც.
„ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე რეზოლუციებშიც აღარ მალავენ ამას. იქაც კი გვხვდება კრიტიკა ეკლესიის მიმართ. ეს ნიშნავს სწორედ იმას, რომ მათთვის მიუღებელია ის ფასეულობები, რაზეც ჩვენი ტრადიციები, ჩვენი ეროვნული და სულიერი სულისკვეთება დგას. ეს ჩვენთვის არის წითელი ხაზი და თან საუბარი არის, არა ადამიანის უფლებების დაცვაზე, არამედ პირადი ცხოვრების დემონსტრირებაზე, რაც მიუღებელია“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
ლგბტ პროპაგანდაში ქართული ეკლესიის ჩართვის მცდელობასა და დახურული შეხვედრების დეტალებზე „იმედის კვირის“ ექსკლუზიურ ინტერვიუში დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ისაუბრა. თქვა, რომ ეკლესიას ევროპიდან ლგბტ პროპაგანდაში დახმარებას სთხოვდნენ. საქართველოში ამ მოთხოვნით, ბელგიის საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი იყო ჩამოსული. ბრიუსელში კი შეხვედრა გაიმართა ანდიურს კუბილიუსთან და რასა იუკნევიჩეინესთან. მათ საქართველოს საპატრიარქოსგან უარი მიიღეს.
