
რეაბილიტაციის პერიოდში რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება ოთხი თვის განმავლობაში შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, იწყება შოთა რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია.
სამუშაოები 23 ივლისიდან ოთხი თვის განმავლობაში იწარმოებს, რა დროსაც ქალაქის მთავარ გამზირზე და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
შეზღუდვა იმოქმედებს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ სარეაბილიტაციო არეალში. ასევე, გადაადგილება სრულად აიკრძალება ვასო აბაშიძის ქუჩაზე.
შეზღუდვის პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მარშრუტებით:
პეტრე მელიქიშვილის გამზირიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ ივანე თარხნიშვილის, ვასილ ბარნოვის, კოტე მაყაშვილის, პოლიკარპე კაკაბაძის, დანიელ ჭონქაძის, ამაღლების, ლადო ასათიანისა და შალვა დადიანის ქუჩების გამოყენებით;
ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები შემოვლას შეძლებენ რევაზ თაბუკაშვილისა და სანდრო ინაშვილის ქუჩების, პირველი რესპუბლიკის მოედნის, გიორგი ახვლედიანისა და ნიკო ნიკოლაძის ქუჩების გავლით;
მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ რევაზ თაბუკაშვილის, რევაზ ლაღიძის, მარი ბროსეს ქუჩებისა და ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს საშუალებით;
ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა - ვანო სარაჯიშვილის ქუჩიდან ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის კვეთამდე გახდება ორმხრივი.
რეაბილიტაციის პერიოდში დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. კერძოდ, ავტობუსები - N301, 305, 306, 308, 309, 310, 314, 326, 331, 337, 342, 344, 345, 352, 358, 388 და 397, ასევე მიკროავტობუსები: N472, 532, 540 და 541 მელიქიშვილის გამზირიდან გადაადგილებისას გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას, საიდანაც მგზავრთა მომსახურებას ჩვეული მარშრუტით განაგრძობენ.
