
Reuters: არგენტინის პრეზიდენტი ფოლკლენდის კუნძულების გარშემო ნავთობის მოპოვებაზე სანქციების გამკაცრებას და თავდაცვის გაძლიერებას გეგმავს
არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ განაცხადა, რომ ფოლკლენდის კუნძულების გარშემო ნავთობის მოპოვების პროექტებში ჩართული კომპანიების წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს, ქვეყნის სამხრეთში თავდაცვის რესურსებს გაზრდის და კონგრესს კანონპროექტს წარუდგენს, რომელიც, მისი თქმით, არგენტინის სუვერენიტეტის დარღვევაზე რეაგირების მექანიზმებს გააძლიერებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ტელევიზიით გავრცელებულ მიმართვაში მილეიმ განაცხადა, რომ ხელს მოაწერს დეკრეტს, რომელიც არგენტინის კანონმდებლობის შესაბამისად, იმ კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესების პროცესს დააჩქარებს, რომლებიც ნავთობისა და გაზის მოპოვებაში მონაწილეობენ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც არგენტინა საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, თუმცა რომელიც ამჟამად ბრიტანეთის კონტროლქვეშაა.
მილეის განცხადებით, არგენტინა შეეცდება სანქციები დაუწესოს არა მხოლოდ პროექტებში უშუალოდ ჩართულ კომპანიებს, არამედ მათ აქციონერებს, დირექტორებსა და მომწოდებლებსაც.
„ჩვენ გავაგრძელებთ არგენტინის ტერიტორიაზე საქმიანობის აკრძალვას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობენ კუნძულებზე მიმდინარე პროექტებში არგენტინის ნებართვის გარეშე“, - განაცხადა მილეიმ.
მისი თქმით, მთავრობა ასევე გამოსცემს საგანგებო დეკრეტს, რომლის საფუძველზეც თავდაცვის რესურსები გაიზრდება. ეს თანხები გამოყენებული იქნება ახლომდებარე ტიერა-დელ-ფუეგოს პროვინციაში საზღვაო ბაზის მშენებლობისა და სატელეკომუნიკაციო შესაძლებლობების გაძლიერებისთვის.
მილეიმ ასევე განაცხადა, რომ კონგრესს გადაუდებელი წესით წარუდგენს კანონპროექტს „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის შესახებ“, რომელიც კუნძულების გარშემო არგენტინის ნებართვის გარეშე განხორციელებული საქმიანობისთვის სანქციებს გაამკაცრებს, პასუხისმგებლობას მომწოდებლებზეც გაავრცელებს და სამართლებრივ ჩარჩოს გააფართოებს, რათა ის არგენტინის ბუნებრივ რესურსებზე გავლენის მქონე სხვა საქმიანობასაც მოიცავდეს.
მილეის განცხადებით, არგენტინამ დაადგინა, რომ ფოლკლენდის კუნძულების მახლობლად მდებარე Sea Lion-ის ოფშორულ საბადოზე ნავთობის მოპოვების პროექტი, რომელსაც Navitas Petroleum და Rockhopper Exploration ახორციელებენ, უახლოეს თვეებში შეიძლება დაიწყოს. პრეზიდენტმა აღნიშნულ პროექტს არგენტინის ინტერესებისთვის „გადაუდებელი საფრთხე“ უწოდა.
Reuters-ის ცნობით, მილეის განცხადებები არგენტინის პრეზიდენტის პოზიციის გამკაცრებაზე მიუთითებს. მანამდე მილეი ფოლკლენდის კუნძულების საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარების აუცილებლობაზე საუბრობდა, პარალელურად კი ბრიტანეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობდა.
ფოლკლენდის კუნძულები არგენტინის სანაპიროდან დაახლოებით 500 კილომეტრში, აღმოსავლეთით მდებარეობს და ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიაა. არგენტინა კუნძულებზე სუვერენიტეტს დიდი ხანია აცხადებს.
დიდი ბრიტანეთი კუნძულებს 1833 წლიდან აკონტროლებს. 1982 წელს არგენტინასა და დიდ ბრიტანეთს შორის კუნძულების გამო ხანმოკლე ომი გაიმართა.
იმედი
წყარო: imedinews.ge