
Reuters: აშშ საფრანგეთსა და გერმანიას დიზელის მარაგების გამოყენებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპორტის აკრძალვით იმუქრება
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ საფრანგეთსა და გერმანიას მოუწოდა, გლობალურ ბაზარზე საწვავის ფასების შემცირების მიზნით, დიზელის მარაგები გამოიყენონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაშინგტონი აშშ-დან დიზელის ექსპორტის შესაძლო აკრძალვით იმუქრება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ევროპის მიმართ ზეწოლა მას შემდეგ გაიზარდა, რაც დონალდ ტრამპი აშშ-ში საწვავის ფასების შემცირების მიზნით, ნოემბერში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებამდე დიზელის ექსპორტის აკრძალვის შესაძლებლობას განიხილავს.
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის ადმინისტრაცია განსაკუთრებით უკმაყოფილოა საფრანგეთისა და გერმანიის პოზიციით. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ამ ქვეყნებს სრულად არ შეუსრულებიათ ადრე აღებული ვალდებულებები საგანგებო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მარაგების გამოყენების შესახებ.
„აშშ-სა და ევროპას შორის თანამშრომლობა ევროპისთვისაც ხელსაყრელია, რადგან ჩვენ გადამუშავებული ნავთობპროდუქტების მიწოდების გაზრდისა და მომხმარებლებისთვის ფასების შემცირების სხვადასხვა გზას ვეძებთ“, - განუცხადა Reuters-ს ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
მეორე წყაროს ცნობით, აშშ-მა ევროკავშირს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში 120 მილიონი ბარელი დიზელის მარაგის ბაზარზე გამოტანა სთხოვა.
აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა კრის რაიტმა გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვაშინგტონი ევროპიდან დიზელის დამატებითი მიწოდების შესახებ განცხადებებს უახლოეს პერიოდში ელოდება.
„ჩვენ დავკარგეთ ახლო აღმოსავლეთიდან დიზელის ექსპორტის ნაწილი, თუმცა მის აღდგენას ვახერხებთ. ასევე შეწყდა ჩინეთიდან დიზელის ექსპორტის ნაწილი. ეს მიწოდების მნიშვნელოვანი შეფერხებაა“, - განაცხადა რაიტმა.
ელისეს სასახლის წარმომადგენლის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსა და დონალდ ტრამპს საკითხი გასულ კვირას, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრისას არ განუხილავთ.
თუმცა, საფრანგეთის პრეზიდენტი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერების ვიდეოკონფერენციის მოწვევას გეგმავს. შეხვედრაზე საწვავის გაძვირებასა და მსოფლიოში გადამუშავებული ნავთობპროდუქტების ხელმისაწვდომობას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი საკითხი საერთაშორისო ენერგეტიკულ სააგენტოსთან კოორდინაციით სტრატეგიული მარაგების გამოყენება იქნება.
იმედი
წყარო: imedinews.ge