
Reuters: აშშ-ის ძალების ევროპაში განლაგების შესახებ პენტაგონის მიერ მომზადებული ანალიზი პიტ ჰეგსეტს გადაწყვეტილების მიღების, სულ მცირე, ოთხ ვარიანტს შესთავაზებს - ნატოს მოკავშირეებში შეშფოთებას იწვევს ივნისში გამოცხადებული ექვსთვიანი ანალიზი, რომელმაც, შესაძლოა, ევროპაში განლაგებული ამერიკული კონტინგენტის მკვეთრი შემცირება გამოიწვიოს
აშშ-ის თავდაცვის ძალების ევროპაში განლაგების შესახებ პენტაგონის მიერ მომზადებული ანალიზი თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტს გადაწყვეტილების მიღების, სულ მცირე, ოთხ ვარიანტს შესთავაზებს. Reuters-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, ეს 6 ნოემბრამდე მოხდება.
ნატოს მოკავშირეებში შეშფოთებას იწვევს ივნისში გამოცხადებული ექვსთვიანი ანალიზი, რომელმაც, შესაძლოა, ევროპაში განლაგებული 80 000-მდე ამერიკელი სამხედროს კონტინგენტის მკვეთრი შემცირება გამოიწვიოს.
მოკავშირეები შიშობენ, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამით იმ ქვეყნების დასჯას გეგმავს, რომელთაც ირანის წინააღმდეგ აშშ-ის და ისრაელის სამხედრო კამპანიას მხარი არ დაუჭირეს.
პენტაგონის შიდა რეგლამენტი, რომლის დეტალებიც საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი იყო, განსაზღვრავს ევროპაში ამერიკული ძალების განლაგების შეფასების ეტაპებსა და იმ ძირითად კრიტერიუმებს, რომლებსაც გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნობიან.
დოკუმენტში გამოკვეთილი ერთ-ერთი საკვანძო დეტალის თანახმად, 18 სექტემბრამდე ევროპაში აშშ-ის ძალების სარდალი პენტაგონის პოლიტიკური მიმართულების ხელმძღვანელ ელბრიჯ კოლბისთან ერთად სამუშაო თათბირს გამართავს, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებების პროექტები განიხილება.
დოკუმენტთან დაკავშირებით პენტაგონის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ შესაძლო სცენარების ასე დეტალურად მომზადება თავად პროცესის მნიშვნელოვნებაზე მეტყველებს.
„ჩვენ გვინდა, საფუძვლიანად გავაანალიზოთ კონტინგენტის სხვადასხვა რაოდენობისა და დისლოკაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები“, - განუცხადა მან Reuters-ს.
ტრამპის ადმინისტრაცია ევროპაში სამხედრო რესურსების შემცირებას დიდი ხანია გეგმავს. ვაშინგტონში ვარაუდობენ, რომ ნატოს მოკავშირეები უსაფრთხოების ხარჯებსა და პასუხისმგებლობას გაინაწილებენ და იმაზე დიდ ტვირთს აიღებენ საკუთარ თავზე, ვიდრე ოდესმე.
ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამოც, რომ ევროპელი მოკავშირეები წლებია ამერიკული უსაფრთხოების „ქოლგით“ სარგებლობენ, ირანთან ომში კი აშშ-ს სათანადოდ არ დაუდგნენ გვერდით.
იმედი
წყარო: imedinews.ge