
Reuters: ერაყი OPEC-ის დატოვებით იმუქრება, თუ ნავთობის მოპოვების კვოტები არ გაიზრდება
ერაყის ხელისუფლება ნავთობის მომპოვებელთა და ექსპორტიორთა ორგანიზაციის OPEC-ის დატოვების შესაძლებლობას განიხილავს, თუ მისი ნავთობის წარმოების კვოტა მნიშვნელოვნად არ გაიზრდება. ინფორმაციას Reuters-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ანალიტიკოსების შეფასებით, OPEC-ის სიდიდით მეორე მწარმოებლის შესაძლო გასვლა ორგანიზაციისთვის დამატებითი დარტყმა იქნება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც წელს ჯგუფი არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმაც დატოვა. ერაყი OPEC-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრია, რომელიც თავად ერაყის დედაქალაქში შეიქმნა.
ერაყის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყანა მუშაობს ნავთობის ექსპორტის სრული შესაძლებლობების აღდგენაზე, თუმცა OPEC-ის კვოტებსა და ორგანიზაციის შესაძლო დატოვებაზე დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია.
„ერაყი მუშაობს ნავთობის ექსპორტის სრული შესაძლებლობების აღდგენაზე და მიზნად ისახავს წარმოების გაზრდას დღეში 7 მილიონ ბარელამდე მომდევნო წლების განმავლობაში“, - განაცხადა მთავრობის პრესსპიკერმა ჰეიდერ ალ-აბუდიმ.
Reuters-ის ცნობით, ერაყის ეკონომიკა, რომელიც ძლიერად არის დამოკიდებული ნავთობის შემოსავლებზე, მნიშვნელოვნად დაზარალდა ირანთან ომის შედეგად ჰორმუზის სრუტეში წარმოქმნილი შეფერხებების გამო, რის გამოც ექსპორტის დიდი ნაწილი ფაქტობრივად ბლოკირებულია.