
Reuters: სი ძინპინი აშშ-ში მსხვილი ბიზნესმენების ჩაყვანას გეგმავს
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში მრავალრიცხოვანი ბიზნესდელეგაციის წაყვანას გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ეს უჩვეულო ნაბიჯია იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში ჩინური ინვესტიციების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებაა, ხოლო პეკინის ურთიერთობები კერძო სექტორთან კვლავ დაძაბულია.
სი ძინპინი იშვიათად მიემგზავრება საზღვარგარეთ ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად. ჩინეთის მრავალი მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელი კი პეკინის პოლიტიკისგან გაუცხოებული აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც 2020 წელს ტექნოლოგიების, განათლებისა და უძრავი ქონების სექტორებში კონტროლი გამკაცრდა, წერს Reuters-ი.
„თეთრი სახლი ჩინეთის აღმასრულებელი დირექტორების დელეგაციას არ აკვირდება“, - განაცხადა აშშ-ის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომელსაც არ დაუკონკრეტებია, რას ნიშნავს სიტყვები „არ აკვირდება“.
24 სექტემბერს დაგეგმილ სამიტთან დაკავშირებით ბიზნესდელეგაციის შესაძლო ვიზიტის შესახებ აქამდე ცნობილი არ ყოფილა. Reuters-მა ვერ დაადგინა, კონკრეტულად რომელი კომპანიების ხელმძღვანელები შეუერთდებიან ოფიციალურ დელეგაციას.
ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, ეს ნაბიჯი ნაწილობრივ მიზნად ისახავს იმის ჩვენებას, რომ ჩინეთი მზად არის მხარი დაუჭიროს აშშ-თან ინვესტიციებსა და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. ამასთან, პეკინი თეთრ სახლს შესაძლოა ეკონომიკური მიმართულებით გარკვეული წარმატებების დემონსტრირების შესაძლებლობას მისცემს, განსაკუთრებით აშშ-ის შუალედური არჩევნების წინ.
როგორც Reuters-ი იუწყება, ბოლო წლებში ჩინურ კომპანიებს აშშ-ში განხორციელებული ინვესტიციებისა და ქვეყანაში საქმიანობის გამო მზარდი კონტროლის პირობებში უწევთ მუშაობა.
ბოლოს სი ძინპინმა აშშ-ში ბიზნესის წარმომადგენლების დიდი დელეგაცია 2015 წელს ჩაიყვანა. მასში, მათ შორის, შედიოდნენ Alibaba-ს დამფუძნებელი ჯეკ მა, Tencent-ის დამფუძნებელი პონი მა, ასევე ჩინური ბანკებისა და სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელები.
იმ ვიზიტის დროს ჩინეთმა Boeing-თან 300 თვითმფრინავის შესყიდვაზე 38 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სი ძინპინი ასევე შეხვდა აშშ-ის ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებს, მათ შორის Apple-ის აღმასრულებელ დირექტორ ტიმ კუკს, Meta-ს დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგსა და Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსს.
იმედი
წყარო: imedinews.ge