
რიმა ბერაძე: ქართველი ხალხის გვერდში დგომის გარეშე, ჩვენს გუნდს გაუჭირდებოდა იმ ზეწოლისა და შანტაჟის გაძლება, რაც ამ 4 წლის განმავლობაში გვქონდა - ქვეყნის დაზიანების ყველა გეგმა ისევე ჩავარდება, როგორც რევოლუციის ხუთი მცდელობა
„რამდენიმეწლიანი წარუმატებელი მცდელობების მიუხედავად, ბოლო პერიოდში, ისევ გააქტიურდა ევრობიუროკრატების ტენდენციური დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ. ისევ გვესმის უსამართლო განცხადებები მათი მხრიდან, რაც გამოწვეულია მათი სურვილით, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, შეინარჩუნონ აქაური აგენტურა და აგრძნობინონ მათ, რომ ინტერესი საქართველოში გავლენების გაძლიერების მიმართ, ჯერ კიდევ ძლიერია“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რიმა ბერაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
ბერაძის თქმით, ე.წ. ოპოზიცია, გარე ძალების ერთგული რჩება და მონური მორჩილებით ასრულებს გარედან წამოსულ ყველა დავალებას, რისი ნათელი მათი ბოლოდროინდელი გაერთიანებაა.
როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის დაზიანების ყველა გეგმა ისევე ჩავარდება, როგორც ოპოზიციის მიერ ორგანიზებული რევოლუციის მცდელობები, ვინაიდან, საქართველო უკვე განვითარების სხვა ეტაპზეა და ქვეყანაში არავის აქვს შიში, რომ აგენტურული ძალები ოდესმე რამეს მიაღწევენ.
„ამის პარალელურად, ჩვენი ხელისუფლება აგრძელებს არჩეულ გზაზე სიარულს მტკიცედ და შეუპოვრად.
ვაგრძელებთ პრაგმატული, დაბალანსებული და მოქნილი პოლიტიკის გატარებას. სახეზე გვაქვს ნორმალიზებული ურთიერთობა აშშ-სთან, მჭიდრო პარტნიორობა ჩინეთთან, მეგობრული ურთიერთობა რეგიონის ქვეყნებთან.
ევრობიუროკრატიული იზოლაციის მცდელობების მიუხედავად, საქართველოს კვლავ აქვს საკუთარი ადგილი დიდ გეოპოლიტიკურ რუკაზე და აქტიურად იყენებს მას, ქვეყნებთან სტრატეგიული პარტნიორობის განსავითარებლად.
საზოგადოებას კარგად ახსოვს, რამდენი რამ გამოიარა საქართველომ, მათი მხრიდან ტენდენციური დამოკიდებულებების გამო.
