
რუსთავის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ თამარ მეფის მამის-გიორგი III-ის პერიოდის მონეტა აღმოაჩინა
რუსთავის ისტორიული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რუსთავის შუა საუკუნეების სასახლის მეოთხე დარბაზში, თამარ მეფის მამის-გიორგი III -ის პერიოდის შევარდნიანი მონეტა აღმოაჩინა.
მონეტა მე-12 საუკუნის ქართული ნუმიზმატიკის უნიკალური ნიმუშია. მონეტის შუბლზე გამოსახულია, მეფე, რომელსაც ხელზე შევარდენი უზის, არეზე კი ქართული მხედრული წარწერით წერია გიორგი მეფის სახელი და ასოთმთავრული წარწერა-ქორონიკონ 394.
მონეტის უკანა მხარეს, არაბულად იკითხება-„მეფეთ მეფე გიორგი, ძე დემეტრესი, მესიის მახვილი".
რუსთავის სასახლეზე აღმოჩენილი მონეტა, უნიკალურია იმ თვალსაზრისითაც, რომ დღემდე აღმოჩენილი პირველი ქართული მონეტაა, რომელზეც მხედრული წარწერაა დატანილი და ქორონიკონით თარიღდება.
არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე გაეცნო.
„რუსთავში ქალაქის დიდი ისტორიის დამადასტურებელი კიდევ ერთი აღმოჩენა გვაქვს. ჩვენმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რუსთავის შუა საუკუნეების სასახლის IV დარბაზში, თამარ მეფის მამის-გიორგი III-ის პერიოდის მონეტა აღმოაჩინა. მონეტა მე-12 საუკუნის ქართული ნუმიზმატიკის უნიკალური ნიმუშია. ექსპედიცია გრძელდება და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ რუსთავის ისტორიული ციხის და სასახლის კონსერვაცია-რესტავრაციის პროექტზე“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ექსპედიციის ხელმძღვანელმა ნაზიბროლა პაჭიკაშვილმა გათხრების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ, რუსთავის მერს დეტალური ინფორმაცია გააცნო და მათ უნიკალურობაზე ისაუბრა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რაც წელს გვაქვს, ეს არის გიორგი III -ის შევარდნიანი მონეტა. თავის მხრივ, ეს მონეტა ერთ-ერთ ულამაზეს მონეტად ითვლება და უნიკალურია, რადგან მას აქვს ქართული მხედრული წარწერა და ქორონიკონი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენაა მინის ჭურჭელი - სასმისები, შესაძლოა ერთ-ერთი იყოს იმპორტი, ხოლო დანარჩენი რუსთავში წარმოებული. ამასთანავე, მეხუთე ოთახის გათხრის შედეგად აგურფენილზე დადასტურდა ხის იატაკი, რომელიც მე-9-ე - მე-10-ე საუკუნეს მიეკუთვნება. ეს აღმოჩენა უნიკალურია, რადგან ხის შემორჩენა ასეთ ადრეულ ძეგლზე იშვიათია“, - განაცხადა რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელმა ნაზიბროლა პაჭიკაშვილმა.
რუსთავის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ მიმდინარე ზაფხულის განმავლობაში, სასახლის I, III, IV, V ოთახები სრულად შეისწავლა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს V დარბაზის გათხრები, სადაც კარგად შემონახული ხის იატაკი, დიდი ოდენობით ფეტვი და მარცვლეული, ფეტვით სავსე თიხის დერგი იქნა ნანახი. მნიშვნელოვანი აღმოჩენები გაკეთდა III ოთახშიც, სადაც უნიკალურად მოხატული ჭურჭელი, ადგილობრივი წარმოების მინის სასმისები, მოჭიქული და მოუჭიქავი ჯამები, ქვაბ-ქოთანი, მონეტები და სხვა არტეფაქტები იქნა ნანახი.
აღნიშნული ექსპონატები XII- XIII საუკუნეებს მიეკუთვნება. სასახლის ქვედა ფენებიდან კი ანტიკური პერიოდის ჭურჭელია ამოტანილი.
ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge