
სენატორი ტედ კრუზი აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმზე: ირანში გიჟებისთვის მილიარდობით დოლარის მიცემა კარგი აზრი არ არის
„რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ტედ კრუზმა შეშფოთება გამოხატა იმ მნიშვნელოვანი დათმობების გამო ირანის მიმართ, რომლებიც გათვალისწინებულია ურთიერთგაგების მემორანდუმში.
კრუზმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპი თავისი მრჩევლებისგან კარგ რჩევებს არ იღებს.
„ისტორია გვასწავლის, რომ მილიარდობით დოლარის მიცემა თეოკრატიული გიჟებისთვის, რომლებსაც ჩვენი დახოცვა სურთ, კარგი აზრი არ არის. ვფიქრობ, პრეზიდენტი ამ გარიგებასთან დაკავშირებით ძალიან ცუდ რჩევებს იღებს“, - განუცხადა კრუზმა გამოცემა The Hill-ს.
მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების სრული ტექსტი გამოაქვეყნა, რომელიც ირანული ნავთობის ექსპორტზე სანქციების გაუქმებასა და ირანისთვის 300 მილიარდი დოლარის აღდგენით ფონდზე წვდომის მიცემას ითვალისწინებს.
მემორანდუმი მოუწოდებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ საბოლოო შეთანხმების ფარგლებში, შეთანხმებული განრიგის მიხედვით, შეწყვიტოს ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართული ყველანაირი სანქცია, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოს რეზოლუციები და აშშ-ის ყველა ცალმხრივი სანქცია.

