
შალვა პაპუაშვილი საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით: გვექნება თემატური დისკუსია, რომელიც შეეხება ევროკავშირის სადამფუძნებლო დოკუმენტებში მე-17 მუხლის მნიშვნელობას, რომლითაც ევროკავშირი იღებს ვალდებულებას, რომ რელიგიურ ორგანიზაციებთან ჰქონდეს მუდმივი დიალოგი, ასევე გვექნება მეორე მრგვალი მაგიდა, რომელიც მიეძღვნება ოჯახისა და ტრადიციული ღირებულებების მნიშვნელობას
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეასთან ერთად ვმართავთ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ეძღვნება ევროპული ცივილიზაციის ქრისტიანულ საფუძვლებს, ასევე პარლამენტების საქმიანობას იმისთვის, რომ ეს ღირებულებითი საფუძვლები აისახოს შემდეგ კანონმდებლობაში და როგორ უნდა მოხდეს ეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან თბილისში მიმდინარე კონფერენციის - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ შესახებ საუბრისას.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ გაიმართება ორი თემატური დისკუსია, რომლებშიც ეროვნული პარლამენტებისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
„ჩამოსულია 10 ქვეყნის სხვადასხვა დელეგაცია, ორგანიზაციების წარმომადგენლები. გვექნება თემატური დისკუსია, რომელიც შეეხება, ერთი მხრივ, თავად ევროკავშირის სადამფუძნებლო დოკუმენტებში, კერძოდ, მე-17 მუხლის მნიშვნელობას, რომლითაც ევროკავშირი იღებს ვალდებულებას, რომ რელიგიურ ორგანიზაციებთან ჰქონდეს მუდმივი დიალოგი და ჩართული იყოს მათი პოლიტიკის შემუშავებაში.
ასევე გვექნება მეორე მრგვალი მაგიდა, რომელიც მიეძღვნება ოჯახისა და ტრადიციული ღირებულებების მნიშვნელობას. გვიხარია, რომ ძალიან მრავალფეროვანი წარმომადგენლობაა - ეროვნული პარლამენტების, ევროპარლამენტის წარმომადგენლები იქნებიან დღეს მრგვალი მაგიდის მონაწილეები და გვექნება საშუალება, რომ ერთადერთხელ გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge